აშშ-ის დაზვერვა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილ დრონს რუსეთს უკავშირებს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შეფასების შემდეგ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები თვლიან, რომ დრონი, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის.
Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის დაზვერვამ მსგავსი შეფასება სადაზვერვო სააგენტოების ახალი ანგარიშების ფონზე გააკეთა, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა, რუსეთმა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნატო-ს ერთიანობა ალიანსის წევრ ქვეყნებზე სხვადასხვა შეზღუდული ტიპის თავდასხმებით გამოსცადოს.
შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში სამშაბათს საღამოს უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. დრონის აღმოჩენამ განგაში გამოიწვია და რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა.