გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ თავისი „ტვ პირველით“, „ფორმულათი“, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო განცხადებაზე.
„სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი რაც თქვა ამ ადამიანმა. მე, სხვათა შორის ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების, ვერ ვხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების, შესაბამისი „ენჯეოების“ და ამ პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი რეაქცია არ ჰქონია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი „ტვ პირველით“, „ფორმულათი“, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო, ამაზრზენ განცხადებაზე, რაც გააკეთა გიორგი ბარამიძემ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამაზე შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ და განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“.
„არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბარამიძემ.