ომანთან ჰორმუზის სრუტის გავლით ახალი მარშრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს ვართ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„დროებითი საზღვაო მარშრუტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს ვართ. მაგრამ, ეს ნაბიჯი არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა“, - განაცხადა არაღჩიმ.
არაღჩის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა სხვადასხვა წინაპირობებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდაზე.
ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ირანმა დღეს დილით ჰორმუზის სრუტეში ნავთობკომპანია ADNOC-ის ტანკერს დაარტყა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანს თავდასხმების შეწყვეტისკენ და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისკენ მოუწოდა.