დღეს ბელარუსში ჩატარებული გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეექვსე წელი შესრულდა, როდესაც ასობით ათასი ბელარუსელის დემოკრატიულ გამოხატვას უპრეცედენტო დონის რეპრესიებით შეხვდნენ, რომელიც დღემდე სისტემატური და შეუჩერებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, კვლავ განხორციელდა ახალი დაპატიმრებები და 800-ზე მეტი ადამიანი თვითნებურად რჩება დაკავებული, ბევრი მათგანი საშინელ პირობებში, იზოლაციაში, არასათანადო მოპყრობისა და წამების მსხვერპლია.
„კიდევ ერთხელ გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების, ეფექტური რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მოწოდებით, ასევე მოვითხოვთ, შეწყდეს გათავისუფლებული პატიმრების ბელარუსიდან იძულებით გაძევების პრაქტიკა ან ადმინისტრაციული შევიწროების გამოყენება მათზე ზეწოლის მიზნით, რათა მათ ბელარუსი დატოვონ. ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, შეწყდეს ბელარუსის საზოგადოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრების, კულტურის მოღვაწეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მიმდინარე დევნისა და დაშინების კამპანიები როგორც ბელარუსის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ბლოკი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს და გააგრძელებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან ევროკავშირმა 200 მილიონი ევროს მობილიზება მოახდინა, რამაც სარგებელი მოუტანა ათასობით ბელარუს სტუდენტს, მკვლევარს, ხელოვანსა და პროფესიონალს და ხელი შეუწყო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობის შენარჩუნებას.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ბელარუსი ხალხის სწრაფვისადმი, იხილოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ბელარუსი მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ასევე კვლავ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაიწყოს ნამდვილი და ინკლუზიური ეროვნული დიალოგი, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა და შეწყვიტოს მონაწილეობა ევროკავშირის გარე საზღვრებზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებში, მათ შორის, მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.