2024 წელს ნიკა მელიას საარჩევნი კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე ,,ახალის” წევრის, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრის, გაბრიელ კობაიძისთვის ბრალის წაყენებას "კოალიცია ცვლილებისთვის" აბსურდულად აფასებს.
კოალიციის განცხადებით, წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც არ მუშაობს.
"დღეს, საქართველოს პროკურატურად წოდებულმა უწყებამ, სრულიად უკანონოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა პარტია ,,ახალის” წევრს, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრს, გაბრიელ კობაიძეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას პირდაპირ ეთერში თავს დაესხა “ქართული ოცნების” მიერ მოგზავნილი ე.წ. ტიტუშკა.
საქმის აბსურდულობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს წინასაარჩევნო ღონისძიების დროს ძალადობას, რაც სწორედ “ქართული ოცნების” მოგზავნილმა მოძალადემ განახორციელა.
წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც ფაქტია, არ მუშაობს.
ერთიანობით, სიმტკიცით გავიმარჯვებთ!", - წერია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.