ეკა კუპატაძე - “მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა”
ვის საპირწონედ შეიქმნა “ახლოაღმოსავლური ნატო” - თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ალიანსი
პაატა ზაქარეიშვილი - “მგონია, პუტინი უფრო იოლად თავს მოიკლავს, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება”
* * *
ეკა კუპატაძე - “მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა”
“ზოგიერთი ამბობს, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ეკას მოთხოვნით იჭერენ ახალგაზრდებსო. თუკი ეკას მოთხოვნით იჭერენ, 20 ოქტომბრიდან მოვითხოვდი ნია იმნაძის დაჭერას, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? ათი თვე დასჭირდა კარგად შეფუთული, მიჩქმალული და კარგად ჩაფარცხული საქმის გამოძიებას. ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად _ ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო. ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა. მათ ყველაფერი მოიშორეს - ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები... ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა”, - აცხადებს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “გიგამ იცის, რომ სამართალმა იზეიმა!” / “მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა".
“როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში... მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა. ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას - კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა. მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ... იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან”. დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ, გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა კუპატაძე.
“ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: “მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს”. ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა. ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ, იცოდა, რომ თავდასხმა სისრულეში მოიყვანეს და გიგა გაითიშა. ის ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა... მეტსაც გეტყვით: გიორგი რიკაძე სამჯერ ჩაუსაფრდა გიგას, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს თავდასხმა. ანასტასია ბერუაშვილმა სამივეჯერ იცოდა, რომ გიორგი რიკაძე მიჰყვებოდა მის ძმაკაცს გიგაზე თავდასასხმელად”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“7 ოქტომბერს წყვილები - ანასტასია ბერუაშვილი-გიორგი რიკაძე და ნია იმნაძე-ალექსანდრე გაბაშვილი გიგაზე თავდასხმას მთაწმინდაზე ერთად აღნიშნავდნენ. ფოტოები საქმის მასალებში დევს. ანასტასია ბერუაშვილი მათ აქტიურად დებდა “ინსტაგრამის” გვერდზე. გიგას საქმეში სხვა არასრულწლოვანი დამნაშავე არ იკვეთება. რომ არ მებრძოლა, ალექსანდრე გაბაშვილის გარდა, არც ერთი არ იქნებოდა დაკავებული, თვით გიორგი რიკაძეც. შესაძლოა სულაც პირობითით გამოსულიყო გაბაშვილი, თუ არადა, წელიწად-ნახევარზე მეტს მაგათ არავინ მისცემდა. დედობა მხოლოდ შვილის გაჩენა არ არის, მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა. ჩემთვის ეს არის ჩემი მართალი შვილისთვის თავგანწირული ბრძოლა. აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭია სადისტურად მოკლული და ამიტომ ვითხოვ უმაღლეს სასჯელს. ისინი, ვინც უდანაშაულო ადამიანს სასტიკად კლავენ, ყველასთვის საშიში არიან და მათ აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებინებ პასუხს”, - ამბობს გიგა ავალიანის დედა.
“რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას ფლირტის შესახებ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩემი შვილი იმნაძეს ავიწროებდა, მე კი დავამტკიცებ, რომ ჩემს შვილს ცილს სწამებენ. მეცადინეობის დროს გიგა სკამზე არც ერთხელ არ დამჯდარა, მოშორებით, სპეციალურ სავარძელში იჯდა და რომც ნდომოდა, სახეს სახესთან ვერ მიუტანდა გოგონას. იმ ადვოკატს პროკურატურიდან გამოგდებული მისი ცოლი ხომ არ ჰგონია ვინმე?! ექსპერიმენტი უნდა ჩავატარებინო - დასხდნენ ისე, როგორ დისტანციაზეც ისხდნენ მასწავლებელი და მოსწავლე, გიგას ადგილას დავსვამ და მიუტანოს თავი თავთან, რასაც გიგას აბრალებენ. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური მერხები და სკამები, რათა მოსწავლეებსაც კი ერთმანეთი არ შეეწუხებინათ. მე დავამტკიცებ, რომ ეს არის ტყუილი, ადვოკატის გამოგონილი და მან დააწერინა იმნაძეს. ორივე მოსამართლემ უთხრა, თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ, მოიტანეთ, გვიჩვენეთო. გარდაცვლილს რასაც უნდა, იმას დააბრალებენ. ეგრე არ არის, უნდა დაამტკიცონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“თუ გიგა პედოფილი იყო, 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს და ამასობაში, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო ფაქტი. იცით, ამით რა დაამტკიცეს? იმნაძემ მართლა წააქეზა გაბაშვილი, თურმე ვერ მოაშორა დედ-მამამ, დამრიგებელმა და მოაშორა გაბაშვილმა. მას წაქეზებას ედავებიან... ჩვენ მაგას ვედავებით იმნაძეს, თორემ იმას კი არა, შეკვეთა მისცა, წადი და მოკალიო... მე და ნიკა ვათენებთ და ვაღამებთ გიგას საფლავთან. მან იცის, რომ სამართალმა იზეიმა და მისი სული მოსვენებულია... მე რომ ჩემი თავისა და ძალის, ჩემი უკომპრომისობის იმედი არ მქონოდა, ამ ბრძოლაში არ შევიდოდი და ჩემი შვილისთვის გარდაცვალების დღეს თავს მოვიკლავდი, ჩემს შვილს მიწაში არ გავუშვებდი და სახლში არ შემოვიდოდი, თბილ ლოგინში არ დავწვებოდი, თუმცა ახლაც არ მძინავს. ვიცოდი, სადაც შევდიოდი და ყველანაირ ბინძურ ბრძოლასაც ველოდი. მე ვიბრძვი და გიგას სიმართლე იმარჯვებს. ბრძოლაში ზურგს მიმაგრებს სრულიად საზოგადოება და ამიტომ ვარ ასეთი გაძლიერებულიც. მეც ადამიანი ვარ და ბევრჯერ დავეცი, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერამ წამომაყენა. მე ხალხი მასწავლის ბრძოლას, გლოვას, სიმართლისთვის ვიბრძვი. ხალხი ხვდება, რომ ჩვენ მკვლელებს ვებრძვით. ვინც ახლა ამათ თავზე ხელს უსვამს, ისინი მკვლელებზე არანაკლებ საშიშები არიან”, - დასძენს ეკა კუპატაძე.
ვის საპირწონედ შეიქმნა “ახლოაღმოსავლური ნატო” - თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ალიანსი
“თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი თავდაცვის პაქტი გააფორმეს. შეთანხმება, რომელიც იარაღის ერთობლივ წარმოებასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას ითვალისწინებს, ირანისა და რეგიონული საფრთხეების საპირწონედ, ასევე აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად შეიქმნა. ანალიტიკოსები მას “ახლოაღმოსავლურ ნატოდ” აფასებენ ამ ალიანსის შექმნას საერთაშორისო ასპარეზზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დასავლური მედია ამ გაერთიანების წევრთა პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას: პაკისტანი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა, თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი გავლენიანი წევრია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია და მძლავრი სამხედრო წარმოება აქვს, საუდის არაბეთი კი თავისი ნავთობის შემოსავლებით რეგიონის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა. ხელმოწერის ცერემონია 7 აგვისტოს გაიმართა საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის მონაწილეობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის საპირწონედ შეიქმნა “ახლოაღმოსავლური ნატო” - არაერთგვაროვანი რეაქციები თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ალიანსის შექმნაზე.
“პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ “ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა სამიდან ერთ-ერთ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა სამივეზე”. გარდა ამისა, თავდაცვის შეთანხმება მიზნად ისახავს “ნებისმიერი აგრესიის საერთო შეკავების გაძლიერებას”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეთანხმება ასევე მიმართულია იარაღის წარმოებაზე. პაკისტანი და საუდის არაბეთი ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებით 2025 წლის სექტემბრიდან არიან დაკავშირებული. თუმცა, ახალი დოკუმენტი მისგან გარკვეულწილად განსხვავდება. როგორც გერმანული მედია თავის პაკისტანურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუ წინა შეთანხმება ეხებოდა საუდის არაბეთში პაკისტანური ჯარების განთავსებას, ახალი პაქტი მიმართულია იარაღის წარმოებაზე - “გაერთიანდება საუდის არაბეთის ფინანსური რესურსები, თურქეთის ტექნოლოგიები და პაკისტანის საბრძოლო გამოცდილება”. საუდის არაბეთის სამხედრო და სამთავრობო წრეების ცნობით, თავდაცვის შეთანხმების სწორედ ახლა დადების ერთ-ერთი მიზეზია აშშ-ის ომი ირანთან და მისი გავლენა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“6 აგვისტოს საღამოს საუდის არაბეთმა განაცხადა სამეფოზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაზარალებულების შესახებ. მედიის ცნობით, მიმდინარეობს მზადება ერაყში მოქმედი პროირანული დაჯგუფებებისა და ჰუსიტების მხრიდან შემდგომი კოორდინირებული შეტევებისთვის. საერთაშორისო უსაფრთხოების, გეოპოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე წამყვან ანალიტიკური ცენტრებისა და მედიაორგანიზაციების მიერ აღნიშნული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ფუნდამენტურ გადანაწილებად და “ახლოაღმოსავლური ნატოს” შექმნის მცდელობად ფასდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანთან აშშ-ისრაელის გაჭიანურებული კონფლიქტისა და ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მერყეობის ფონზე, ეს ნაბიჯი რეგიონული აქტორების მიერ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის დივერსიფიკაციის სტრატეგიული მცდელობაა. ალიანსი პირდაპირ პასუხობს ირანისა და მისი მარიონეტული ჯგუფების (განსაკუთრებით ჰუსიტების) მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, რადგან ის აერთიანებს საუდის არაბეთის ფინანსებს, თურქეთის სამხედრო-ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და პაკისტანის ბირთვულ და საბრძოლო პოტენციალს, რაც ირანის რეგიონული ამბიციების სერიოზულ საპირწონეს ქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.
“გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ასევე არის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების მერყეობის საპირწონე, რადგან რეგიონის ქვეყნებს სურდათ, ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებული დასავლეთზე და თავად ეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე. საერთაშორისო საზოგადოებაში ამ გაერთიანებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვაშინგტონი ამას უყურებს, როგორც მოკავშირეების მიერ უსაფრთხოების ტვირთის საკუთარ თავზე აღებას, თუმცა ნატო-ს წევრი თურქეთისა და ბირთვული პაკისტანის ასეთი მასშტაბური სამხედრო ინტეგრაცია დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ინდოეთის საგარეო უწყება ყურადღებით აკვირდება მოვლენებს პაკისტანის სამხედრო გავლენის ზრდის გამო, ხოლო ისრაელი ამაში ხედავს როგორც ირანის შეკავების ხელსაყრელ მექანიზმს, ისე ახალი, მძლავრი რეგიონული ბლოკის ჩამოყალიბების გამოწვევას. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს, რომ ალიანსის რეალური ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნებიან მხარეები, პრაქტიკაში შეასრულონ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები კრიზისის დროს”, - დასძენს გამოცემა.
პაატა ზაქარეიშვილი - “მგონია, პუტინი უფრო იოლად თავს მოიკლავს, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება”
“ბუნებრივია, თუ მორალურ მხარეს გამოვრიცხავთ, ეს ამორალური ომია. რუსეთი აგრესორია, ის უსამართლოდ შეიჭრა უკრაინაში და საშინელებებს სჩადის, მაგრამ ცოტა შორიდან თუ შევხედავთ, რუსეთი ომს აგებს, ანუ შედეგს ვერ აღწევს. შესაბამისად, პოლიტიკური ხელმძღვანელობა აანალიზებს, თუ რატომ აგებენ და ლოგიკურად მიაჩნიათ, რომ ვიღაც ოფიცრები თუ გენერლები თავიანთ მოვალეობას ისე ვერ ასრულებენ, როგორც ხელმძღვანელობა მიიჩნევს საჭიროდ. ჰიტლერიც მუდმივად ცვლიდა გენერლებს და ჩერჩილიც, ასე რომ, გენერალიტეტის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. ამით მტკიცდება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა შედეგებით, რაც ფრონტის ხაზზე ხდება, ეს კი გასათვალისწინებელია უკრაინისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, და მათ შორის ტრამპისთვისაც კი. რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება - სანქცირებულია ევროპა-ამერიკისგან, უკრაინაც უნადგურებს ენერგორესურსებს, სუსტდებიან, მაგრამ რუსეთი დიდია და რესურსები კიდევ აქვს. მთავარია, პუტინი აიძულონ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. თუმცა, მე მგონია, პუტინი უფრო იოლად თავს მოიკლავს, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით შეცვლილი გენერალიტეტი და აფეთქებული ენერგოსაცავები - რა ხდება რუსეთში და რას ცდილობს პუტინი?!
“თუ გადატრიალებაა მოსალოდნელი, სავსებით შესაძლებელია შიდაპოლიტიკური იყოს, თუნდაც იმავე უსაფრთხოების სამსახურებისგან. შეიძლება პუტინს უთხრან, არ დაგიჭერთ, წახვალ, აორთქლდები, ჩვენ კი სიტუაციას გამოვიყვანთ ჩიხიდანო. მაგრამ სანამ პუტინია პასუხისმგებელი, მისი პირამიდა ძლიერია, მას ანგარიშს უწევს ყველა. შიგნით რყევა რომ იყოს, პუტინი აუცილებლად წავიდოდა მოლაპარაკებებზე. ის, რომ არ თანხმდება, ნიშნავს, რომ ფიქრობენ, მოდი, კიდევ ცოტა მივაწვეთ უკრაინას. ჯანდაბას, ახლა არ გამოგვივიდა, მაგრამ მალე ზამთარი მოვა, როგორმე გადავაგორებთ და შემდეგ გაზაფხულზე ვილაპარაკოთო. რადგან ომში კლიმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იყენებენ როგორც ზაფხულს, ისე ზამთარს. ორივე შემთხვევაში მიწა მშრალია, ცა სუფთა, ხოლო შემოდგომასა და გაზაფხულზე ტალახია, წვიმებია და გარდამტეხი ვერაფერი ხდება. სიმართლე გითხრათ, მე უფრო გაზაფხულს ველი. ვნახოთ, როგორ გადააგორებენ ზამთრის კამპანიას. რუსეთში ყოველთვის უკეთესად იბრძვიან ზამთარში - გამძლე ხალხია. უკრაინაშიც ელექტროენერგია არ იქნება და მძიმე პირობები შეიქმნება. მოკლედ, ზამთარი იქნება ძალიან დიდი გამოწვევა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის და ვინც ამ ზამთარს ეფექტურად გამოიყენებს, მან შეიძლება უპირატესობაც მოიპოვოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორსპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთში არჩევნები რომ ჩატარდება, პუტინი მერე მოითხოვს, ალბათ, საყოველთაო გაწვევას. მობილიზაცია იქნება და ამიტომაც აქვთ ზამთრის იმედი. ვიღაცები ისევ გაიქცევიან, ვიღაცები დარჩებიან, დაიჭერენ და გაუშვებენ ჯარში. აი, მობილიზაციამაც თუ არ გაამართლა, მერე შეიძლება წავიდნენ მოლაპარაკებაზე... სასაცილოა ავტორიტარულ რეჟიმში არჩევნებზე ლაპარაკი, მაგრამ იქ ხომ მაინც გამოჩნდება, საზოგადოების რა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, ანუ პირდაპირ არ მისცა ხმა პუტინს. თუ აღმოჩნდება დიდი პროტესტის მუხტი, შეიძლება პუტინმა ეს გაითვალისწინოს. თუმცა რუსეთში მხოლოდ ერთი რევოლუცია მოხდა, ლენინის დროს, და მორჩა. ახლაც არის მუხტი, რადგან მანამდე თუ პირდაპირ არ ეხებოდათ ეს ყველაფერი, ახლა პირდაპირ ეხებათ. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ჯერ მაინც კმაყოფილია, მიაჩნია, რომ ომი სწორია, თუმცა ომის პოპულარობის რეიტინგი ეცემა. ამიტომ არჩევნები აჩვენებს პუტინს, რამდენად პოპულარულია თვითონ და მისი პოლიტიკა საზოგადოებაში. ის მაინც გაიმარჯვებს, მაგრამ მას ხომ ზუსტად ეცოდინება, რამდენი ადამიანი მართლაც არ მივიდა, რამდენია მის წინააღმდეგ და რამდენი გაყალბდა იმისთვის, რომ გაემარჯვა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩათვალოს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა, ან ჯერ კიდევ იტანს. თუ ჯერ კიდევ იტანს, გააგრძელებს, მაგრამ ის, რომ მასობრივმა გამოსვლებმა მთელი რუსეთი მოიცვას, ასეთი რამის არ მჯერა. რუსები უფრო იოლად წავლენ რუსეთიდან, ვიდრე პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში. რაც შეეხება ვენაში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები შეხვედრას, ამაში უცნაური არაფერია. მეც ვმონაწილეობდი მსგავს შეხვედრებში და დაახლოებით ვიცი, ყოფილი ჩინოსნები რატომ ხვდებიან ერთმანეთს. იმიტომ, რომ ინფორმაცია, კავშირები აქვთ და შეუძლიათ მიიტანონ ეს ინფორმაცია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ამათ არა აქვთ. თუ მერე მოპოვებულ ინფორმაციას არ გაიზიარებენ მოქმედი პოლიტიკოსები, ამ შეხვედრებს არაფერი არ მოჰყვება. ბაქოშიც გაიმართა ამგვარი შეხვედრა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ასე რომ, ეს ხშირად ხდება. ასეთ შეხვედრებს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შინ დაბრუნებული ყოფილი პოლიტიკოსები და ექსპერტები ინფორმაციას მიიტანენ მოქმედ პოლიტიკოსებთან და ისინი დათანხმდებიან”, - განმარტავს კონფლიქტოლოგი.
“ვამჩნევ ოლიგარქ აბრამოვიჩის მაგალითზე (რაც მოგვიანებით ზელენსკიმაც დაადასტურა) რომ პუტინმა თქვა, ჩვენმა ერთმა ბიზნესმენმა მითხრა, უკრაინელ კოლეგებს ინტერესი აქვთ და ხომ არ შევხვდეო. აშკარა იყო, პირიქით მოხდა - თავად პუტინმა გაუშვა ის. პუტინი ეძებს კულუარულ გზებს, რომ უკრაინელებს შეუთვალოს, დანებდით, მაინც არაფერი გამოვა. მე ორჯერ მეტ ადამიანს გავწირავ, პრობლემა არაა, რაკეტებიც მაქვს, სხვა ყველაფერიც და საბოლოოდ მაინც მე გავიმარჯვებ, რაში გჭირდებათ ესო, თან მაშინ, როცა ტრამპიც ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე. პუტინს სურს შეთავაზება, მოდი, გავჩერდეთ იმ ხაზზე, რაც ახლა გვაქვსო. საბოლოო ჯამში ეს “ქართული ვარიანტია” - ცეცხლი წყდება, ხალხი არ იღუპება და მოლაპარაკებები ჟენევაში წლობით გრძელდება. პუტინს სწორედ ამ სცენარის გათამაშება აწყობს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “უკრაინა თუ დათანხმდება ამას?” - პასუხობს:
“უკრაინა იარაღს თვითონაც აწარმოებს, ევროპაც მის მხარესაა. ვიდრე ევროპა არ დაიღლება, უკრაინას შეუძლია ბრძოლა განაგრძოს, მით უმეტეს, რომ ყირიმის დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა - ის პრაქტიკულად ამოვარდნილია რუსული რეალობიდან. ამიტომ ახლა უკრაინასაც და რუსეთსაც აქვს განცდა, რომ ზამთარი აჩვენებს, როგორ მოიქცნენ, რა აწყობთ და რა არა. ამწუთას კი უკრაინას ბრძოლის გაგრძელება აწყობს, რადგან წარმატების ტალღაზეა”.