2–8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა - ნაკრების რვავე წევრი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ოქროს მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ გეგენავამ და გიორგი მაისურაძემ (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ანტონ ინგოროყვამ, ნიკოლოზ ყიფშიძემ და მათე რეხვიაშვილმა (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა).
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ლუკა ბერიკელაშვილი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და ნიკოლოზ კილაძე (გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში).
საპატიო სიგელი მიიღო გიორგი ცქიტიშვილმა (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა).
წლევანდელ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 103 ქვეყნის საუკეთესო 440 ახალგაზრდა ტალანტებს შორის ასპარეზობდა და ჯამური შედეგებით ქვეყნების სიაში საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა. რვაწევრიან ეროვნულ გუნდს შოთა ელკანიშვილი ხელმძღვანელობდა, სასწავლო პროგრამას ნიკოლოზ მიქაბერიძე და ლუკა დარსალია უძღვებოდნენ.
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების მომზადებას საფუძვლად უდევს საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და TBC-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ჰაბი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური მიმართულების ეროვნული ნაკრებების შერჩევას, სისტემურ მომზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.
IOAI-ისთვის მოსწავლეთა რვათვიანი ინტენსიური მომზადება, სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნა და განხორციელება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) უზრუნველყო. AI LIGA-ს ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, მანქანური სწავლება (ML), უმაღლესი მათემატიკა და საერთაშორისო ტურნირებისთვის აუცილებელი პრაქტიკული და სტრატეგიული უნარები.
2025 წელს საქართველომ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაში პირველად მიიღო მონაწილეობა და სადებიუტო მედალი მოიპოვა. 2026 წლის ნაკრების წევრებს უკვე მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდათ - ისინი მათემატიკის, რობოტიკისა და სხვა საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეები, ასევე IOAI-ის შარშანდელი კონკურსანტები არიან. განსხვავებული გამოცდილების მიუხედავად, მათ ერთი მიზანი აერთიანებდათ - საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც წლევანდელი შედეგიც ნათლად ადასტურებს.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ის ინიციატივითა და TBC-ის მხარდაჭერით დაფუძნდა. პროექტის პარტნიორები არიან UN Women Georgia, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), Tech Association of Georgia, Lineate Georgia, EPAM Georgia, BLOX და McDonald's Georgia.
(R)