ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დღევანდელ სხდომაზე გარდა იმისა, რომ მხარეების შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებათა დაუშვებლობების შესახებ, ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.
ბრალდების მხარე რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების ძალაში დატოვებას ითხოვდა. ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატები კი პატიმრობის გაუქმებას შუამდგომლობდნენ.
პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო.
სხდომა ხვალ, 15:00 საათზე განახლდება.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი - გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.
რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.