რაც არ უნდა მომივიდეს, გახსოვდეთ, არასდროს იკითხოთ ჩემი ამბავი, მის დანაბარებს ვასრულებთ პირნათლად, - ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებისთვის მიცემულ ჩვენებაში ჰყვება.
სწორედ აღნიშნულ პირზე იყო საუბარი პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკში, რომლის მიხედვითაც, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად სწორედ ირაკლი უსოიანია მოხსენებული, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ბაბუის მკვლელობაში ჯანგველაძეების ხელი ერია.
პროკურატურა სწორედ ირაკლი უსოიანის ჩვენებისა და დაცვის მხარის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავთ ირაკლი უსოიანი, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ კარტოზია და გიორგი ნინიკაშვილი. სწორედ მათ მოწმეთა სიიდან ამორიცხვას ითხოვს პროკურატურა.
“ირაკლი უსოიანი ჩვენებაში ამბობს, ბაბუაჩემმა დაგვიბარა, თუ რამე მოგვივიდა პასუხი არავის მოკითხოთო, ამგვარი შინაარსისაა დანარჩენი გამოკითხვაც და შინაარსობრივ ნაწილში არაფრის მომცემი არაა. ერთ-ერთი ადვოკატი ჩავიდა რუსეთში და გამოკითხა ეს ადამიანები. უცხოეთში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის სამართლებრივი დახმარება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს და მეორე, სამართლებრივი დახმარების მიღმა მტკიცებულების მოპოვება, რასაც პროკურორის თანხმობა სჭირდება. ამიტომ ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები",- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტი ნულია, ბრალდების მხარის მოწმეების - ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენები, რომელთაც რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ აქვთ ჩვენება მიცემული, სანდო და სარწმუნო არაა, რის გამოც, მათი ჩვენებები საქმეს არ უნდა დაერთოს.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების საქმეში დევს პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. აღნიშნული პატაკის მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად ე.წ. კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანია მოხსენიებული, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ბაბუის მკვლელობაში სწორედ ჯანგველაძეების ხელი ერია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი - გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა. რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.