დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, ბიზნეს ინტერესები, ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის მიერ გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი, რომლის ფრთაშესხმასაც საგამოძიებო ორგანო წარმატებით ცდილობს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება მიკერძოებულია და მათი მიზანი არ არის ობიექტურობის დადგენა.
„პროკურატურის მხრიდან კარგ სამართლებრივ განმარტებას ვერ მოისმენდით. მე ვნახე ლევან ვეფხვაძის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საბანკო გადარიცხვები ადასტურებს ოთარ რომანოვ - ფარცხალაძის ბრალეულობას უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით, რაც არის სამართლებრივი ბელეტრისტიკა. რას იძლევა დაცვის მხარის მიერ მოძიებული მტკიცებულებები? ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რაზეც ბრალდების მხარე თავის ე.წ. პატაკებში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმულირებით ცდილობს სასამართლო ეჭვის ფორმატში დააჯეროს, რომ გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია იყო ამ ადამიანებს შორის.
დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, ბიზნეს ინტერესები, ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის მიერ გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი, რომლის ფრთა შესხმასაც საგამოძიებო ორგანო წარმატებით ცდილობს.
თუ დაცვის მხარის ინფორმაცია ამდენად უმნიშვნელოა, როგორც თავად საგამოძიებო ორგანო და პროკურორი აფიქსირებს, მაშინ დაე შეფასდეს იგი იმ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარეს დღემდე აქვს წარმოდგენილი.
ოთარ რომანოვ - ფარცხალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოქროს მოწმეებად წოდებული რუსეთის ორი მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეული სახის კონფლიქტზე და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული კონფლიქტის აბსურდულობაზე საუბრობს. მეტიც, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენის მიცემასთან დაკავშირებით. მათ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს. საგამოძიებო ორგანო იმის ნაცვლად რომ არკვევდეს, ეს მართლა ხომ არაა ასე, კბილებით იცავენ ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას მიერ მიცემულ ჩვენებას, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბრალდება მიკერძოებულია და მათი მიზანი არ არის ობიექტურობის დადგენა“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი - გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა. რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.