საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ამასთან, საუნივერსიტეტო ანსამბლმა თურქეთის რამდენიმე ქალაქში საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობით ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას აქტიური პოპულარიზაცია გაუწია.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ პირველი შემოქმედებითი ჯგუფია საქართველოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ სამსუნის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში. აღნიშნული ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის ფოლკლორული ფესტივალებისა და ხალხური ხელოვნების ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს (CIOFF) ორგანიზებით რეგულარულად იმართება. 
როგორც საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი თეიმურაზ კობახიძე აღნიშნავს, თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ ფესტივალებზე „მერანის“ მოცეკვავეთა მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ხალხური ცეკვა საერთაშორისო ფოლკლორულ სივრცეში განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს.
„სასიხარულო და საამაყოა, რომ „მერანის“ გამოსვლებს დიდი მოწონება ხვდა წილად - როგორც ფესტივალის ორგანიზატორებისა და პროფესიული წრეების, ასევე მაყურებლის მხრიდან. ანსამბლის წევრმა სტუდენტებმა თითოეული ქორეოგრაფიული ნომერი დიდი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, ბუნებრივი ემოციით შეასრულეს და მაყურებელს წარუდგინეს რთული, ნატიფი საცეკვაო ილეთებით გაცოცხლებული საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, თავისუფლებისმოყვარე ქართული სული და ენერგია, გააცნეს უმშვენიერესი ქართული ეროვნული სამოსი.
მაყურებლის გულწრფელი ოვაცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - რა თქმა უნდა, ჟიურის შეფასებამაც დიდი სიხარული მოგვიტანა. საბოლოოდ, „მერანი“ სამსუნის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო კვიპროსზე გამართული ფესტივალის ფარგლებში სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ საფესტივალო დღეები აქტიურად გააშუქეს სამსუნისა და კვიპროსის ტელევიზიებმა. გარდა ამისა, „მერანმა“ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალაქში გამართულ საფესტივალო კონცერტებში, რა დროსაც საშუალება მოგვეცა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება ფართოდ წარგვედგინა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ „მერანის“ ახალმა თაობამ ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა შეძლეს. ეს გამარჯვება დიდი სტიმულია მათთვის, რომ სწავლის პარალელურად კიდევ უფრო მეტი იშრომონ, განვითარდნენ და ქართული კულტურა საერთაშორისო სცენაზე ღირსეულად გააცოცხლონ.
ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს, ვიცე-რექტორებს, პროფესორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს. ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი შესაძლებლობა, ანსამბლის წევრები სათანადოდ მოვამზადოთ და ხარისხიანი საკონცერტო პროგრამით წარვდგეთ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე. უნივერსიტეტის თანადგომა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაც არის და მოტივაციაც იმისათვის, რომ „მერანმა“ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელოს საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ტრადიციები“, - ამბობს თეიმურაზ კობახიძე.
ანსამბლ „მერანს“ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა-გაზიარებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა სტუდენტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. „მერანის“ წარმატება თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის თავიანთი შემოქმედებითი უნარების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა.
დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება-გაძლიერებას. ამასთანავე, ასეთი ფესტივალები ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, საერთაშორისო აუდიტორიას და ერთმანეთს გაუზიარონ ეროვნული თვითმყოფადობა. სწორედ კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, გამოცდილების ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა ქმნის იმ გარემოს, რომელიც ქვეყნებსა და თაობებს ერთმანეთთან აახლოებს.
აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფი „მერანი“ პირველი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში და პირველივე ჯერზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ჩვენს ანსამბლს, რომელსაც „სახალხო“ სტატუსი აქვს მინიჭებული, 92-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მუდამ დიდი წარმატებით სარგებლობდა. საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ისტორიის გაგრძელება კი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ნიჭიერი სტუდენტების ხელშია.
პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდი „მერანის“ ახალ თაობას, ასევე, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და ქორეოგრაფებს - თეიმურაზ კობახიძესა და ნინო ლაზიშვილს. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და დარწმუნებული ვარ, „მერანი“ მომავალშიც არაერთხელ გაახარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი გამარჯვებითა და საერთაშორისო აღიარებით“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.