ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო, ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო, ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე - საქმე, ეხება ცისტური ფიბროზის ან მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას.

ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და იწვევს ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის - სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში.

ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, დღეს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია „ვერტექსთან“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ე.წ. გენმოდულატორს სახელწოდებით „ტრიკაფტა“.

მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ - მთლიანად პროცესის მხარდაჭერისთვის.

საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ, 2 წლის და უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის.

ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს.

მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას — რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება, საერთო ჯამში, 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია უდაოდ არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.

დღეიდან გაგრძელდება მუშაობა მედიკამენტის დასანერგად, რასაც გავაგრძელებთ მშობლებთან კვლავაც აქტიური თანამშრომლობით და რეალურად, სექტემბერში დავიწყებთ მედიკამენტების მიწოდების პროცესს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის მათ მადლობა, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის.

დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ კიდეც“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს