ზურაბ შამუგია - გიორგი ბარამიძის განცხადება მთელი საქართველოს ღალატია - გონიერმა, ჭკვიანმა კაცმა ასეთი განცხადება გააკეთოს,  შეუძლებელია, ალბათ, ზეწოლის ქვეშ იყო

შეურაცხყოფა მიაყენა, ყველა დაღუპულის ოჯახს, იმ დაღუპულ ბიჭებს და ყველა ვეტერანს. გონიერმა, ჭკვიანმა კაცმა ასეთი განცხადება გააკეთოს, შეუძლებელია, რაღაც ზეწოლის ქვეშ იყო ალბათ , - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

მისივე თქმით, მას მთელი ომის პერიოდში არასოდეს უნახავს გიორგი ბარამიძე და მისთვის წარმოუდგენელია, რომ ისეთ ადამიანს როგორიც ბარამიძეა, მსგავსი რამ დაუფიქრებლად ეთქვა.

"მე სოხუმელი კაცი ვარ, პირველი დღიდან 14 აგვისტოს ომი რომ დაიწყო და ჩავერთე ბოლომდე, 27 სექტემბრამდე, იარაღი არ გამიგდია, ვომობდი და იქ მე ბარამიძე არ მინახავს. ჩვენს პოზიციაზე, 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი იყო აჩადარას ხიდი, მოგეხსენებათ, რა, მდინარე გუმისთაზე. 4-კილომეტრიანი პოზიცია გქონდა, მე ბარამიძე გია იქ არ მინახავს. ტყვეების გაცვლა რაზეც ის საუბრობდა, რომ თითქოს ჩვენ ვხვრეტდით ტყვეებს მსგავსი არ გამიგია და არ მინახავს. მეომრებისა და დღევანდელი ვეტერანების სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არცერთი ტყვე არ დაგვიხვრიტავს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა არც ჩემს ბატალიონში, არც ბრიგადაში. პირიქით, ტყვე ჩვენთვის იყო ძალიან დიდი წარმატება, რომ იმათ ჰყავდათ ტყვეები, აწამებდნენ იქ და ეს ხალხი დაგვეხსნა უბედურებისგან და გაგვეცვალა ჩვენი ტყვეები. ბრალდება, "ტყვეების ვხვრეტდით", ძალიან მძიმე ბრალდებაა და მკვლელებად გამოგვიყვანეს. ეს მძიმე თემაა ჩვენთვის. არ ვიცი ეს რატომ თქვა, ან ვისი დავალებაა, მე არ ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი, მე ვეტერანი კაცი ვარ და ვერ გეტყვით რატომ თქვა. არ მგონია, რომ უცოდინარობის გამო თქვა ის რაც თქვა. კაცი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, კაცი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, კაცი, რომელიც დეპუტატი იყო ამხელა თემაზე, ამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი განცხადება რომ გააკეთა, ეს სასირცხვილოა.

„ჩვენო ტყვეები არ გვყავდა“ და ამიტომ ვერ ვცვლიდითო. „იმათ ჰყავდათ აფხაზურ მხარეს ტყვეები და რუსულ დისციპლინაზე იყვნენ აღზრდილი“ ეს განცხადება გააკეთა და 413 დღე უდისციპლინო ხალხის ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს და საქართველოს.

ეს განცხადება მთელი საქართველოს ღალატია. შეურაცხყოფა მიაყენა, ყველა დაღუპულის ოჯახს, იმ დაღუპულ ბიჭებს და ყველა ვეტერანს. გონიერმა, ჭკვიანმა კაცმა ასეთი განცხადება გააკეთოს. შეუძლებელია, რაღაცის ზეწოლის ქვეშ იყო ალბათ" - განაცხადა ზურაბ შამუგიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები