თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს - პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი! - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, აღნიშნული ტვირთი მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ის ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა თუ მოხმარდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას.
“საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიმიჯნოს. მთავარია, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ დაირღვეს. თუ ტვირთვის მოძრაობა ჰუმანიტარული მიზნით განხორციელდა, ამაში გასაკვირი არაფერია. თქვენ იცით, რომ საქართველო არა ერთ ასეთ ჰუმანიტარულ პროექტშია ჩართული, მათ შორის ვაფინანსებთ ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების მკურნალობას, ენგურჰესის ელექტროენერგიას ვიღებთ ჩვენ და იღებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერია. აქ მთავარია, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს. არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელმა ბიზნეს სუბიექტებმა განახორციელეს ტვირთის შეტანა, განხორციელდა თუ არა ტვირთის ჰუმანიტარული მიზნით შეტანა, რა ოდენობის ტვირთზეა საუბარი, რა პროცედურა გაიარა ამ ტვირთმა და რა არის მისი საბოლოო დანიშნულება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ გვარწმუნებდნენ, რომ „დიფ-სტეითს“ ჩვენი ომში ჩართვა სურს, შემთხვევით ირაკლი კობახიძე ხომ არ არის ის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს რთავს ომში, ოღონდ რუსეთის ფედერაციის მხარეს?!“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება რუსოფობიის პრობლემაზე, ასევე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს, სიჭინავას თქმით, "ჩვენ საქართველოს ისტორიის გაყალბების პროცესს ვადევნებთ თვალს". მისივე განცხადებით, ქვეყანაში საყოფაცხოვრებო დონეზე არავითარი რუსოფობიური გაწყობები არ არსებობს და ამას ირაკლი კობახიძე ხელოვნურად ქმნის. სიჭინავას აზრით, ხელისუფლების მიზანია, როგორღაც მოსახლეობა შეაგუოს ანექსიის პროცესს, რომელიც ახლა ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს.
“2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე, როცა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, როცა რუსეთის მიერ ტერიტორიები ოკუპაცია და აღიარება მოხდა, საქართველოს ხელისუფლებას კამპანია აქვს წამოწყებული იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის წინააღმდეგ ომი ჩვენ დავიწყეთ და ქვეყანაში საყოფაცხოვრებო დონეზე ანტირუსული განწყობებია. აგვისტოს ომის დღეებში თვალს ვადევნებთ, როგორ ხვდება რუს ბლოგერებს და ეპატიჟება საქართველოში грузинская кухня-ს გასაცნობად თბილისის მერი კახა კალაძე. ხელისუფლებიდან არავინ შეწუხებულა ძალადობაზე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ზონდერ ბრიგადებმა 2024-2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოატარეს, არავინ შეწუხებულა, რომ ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა და ახლა იმაზე დარდობენ, რუსი ტურისტი საქართველოში კომფორტულად იგრძნობს თუ არა თავს. ეს არის აბსურდი! გინახავთ ირაკლი კობახიძის ერთი ბრიფინგი მაინც, რომელიც მან საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვის თემაზე ჩაატარა? კობახიძის ბრიფინგები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ქვეყანაში არაბები შემოეყვანა, რომელი ინვესტიციაც სად წავიდა, კაცმა არ იცის. კობახიძე ბრიფინგებს რუსების ინტერესების დაცვისთვის ატარებს. ბრიფინგს ატარებს იმისთვის, რომ ომის წარმოება საკუთარ ქვეყანას დააბრალოს. ეს არის მისი პოლიტიკური დღის წესრიგი. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, ვის ინტერესებს ემსახურება ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.