ამასობაში, ნამდვილად მძიმე რეაქცია აქვს „ქოცობას" აფხაზეთის ბენზინის ბნელი ამბების მხილებაზე - ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბენზინი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს და კობახიძის წამოცდენამ ისეთი მეხის დაცემა გამოიწვიოს, ჯერ რომ არ დასცემიათ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მაღალი ალბათობით, შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად.
„პროპაგანდისტული მედია ოპოზიციას აფხაზებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაში „ამხელს", ხოლო „ტვ პირველის" ვიდეოდან კი ირკვევა, რომ არანაირი თანხმობა არ არსებობდა, მეტიც, სპეც საწარმოს მფლობელი არველაძე, რომელიც საუბრობს, თითქოს მან შეიტანა ბენზინი, განმარტავს, რომ ბენზინი როცა შეჰქონდა, მთავრობამ არც იცოდა და არც უნდა სცოდნოდა: აფხაზეთთან ვაჭრობის მუდმივი თანხმობა მომცეს და რას შევიტანდი, როდის და რამდენს, რატომ დაინტერესდებოდაო. სრული ტყუილია, რა თქმა უნდა. საქმე იმაშია, რომ ეს განმარტება ზოგადადაც ტყუილია, და საწვავის შემთხვევაში კი, აბსოლუტური ტყუილი. ბენზინზე თანხმობა საერთოდ არ არსებობს, უფრო სწორად, პირდაპირ გამორიცხულია საგადასახადო კოდექსის 24ე სეკუნდა მუხლით: „სპეციალურ საწარმოს" ეკრძალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება. ბენზინი და სხვა საწვავი აქციზური საქონელია, ასე რომ, სპეციალური საწარმოს სტატუსით მისი კანონიერად შეტანა შეუძლებელია და გამორიცხული.
აშკარად მოსრიალდა კობახიძე საკუთარ ნათქვამზე. ცხადია, რომ არავითარი აქტი არაა გამოცემული და ჩადენილია დანაშაულიც, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო აქტიც და, მაღალი ალბათობით, შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად. სინამდვილეში, არავინ იცის ვის მიერ, რა და რამდენია შეტანილი. არ გამოვრიცხოთ, რომ ან იმგვარი ტექნიკა შეაქვთ (მაგალითად, სარეცხი მანქანები), საიდანაც ჩიპები ამოაქვთ რუსებს და სამხედრო მრეწველობაში იყენებენ, რადგან ჩიპების შესყიდვა სანქციების გამო არ შეუძლიათ. ან სულაც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. ერთიცა და მეორეც ევროპული სანქციების თანახმად არ შეიძლება რუსეთს მიეწოდოს და ითვლება მისი საომარი მანქანის დახმარებად. ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბენზინი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს და კობახიძის წამოცდენამ ისეთი მეხის დაცემა გამოიწვიოს, ჯერ რომ არ დასცემიათ", - წერს გვარამია.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. როგორც კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა.
ამასთან, როგორც BPN წერს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოს რიცხვით დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა შპს "სოლიდუსს". თუმცა, უცნობია, თუ რა საქმიანობას შეეხება ეს ნებართვა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.