ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ღამით გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ AUKUS-ის თავდაცვის შეთანხმება კვლავ „სრული დატვირთვით მიმდინარეობს“.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა, სრულად გაათავისუფლოს ავსტრალია ყველა ტარიფისგან. ავსტრალიის პრემიერის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი „ძალიან პროდუქტიული, კონსტრუქციული, ხანგრძლივი და არსებითი“ იყო და რომ ტრამპი დათანხმდა ავსტრალიისთვის აშშ-ის 12.5%-იანი ფიქსირებული ტარიფებისგან სრული გათავისუფლების განხილვას.
ალბანეზეს თქმით, სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ AUKUS-ი - ავსტრალიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული თავდაცვის შეთანხმება, რომელიც ავსტრალიისთვის ბირთვული ენერგიით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების მიწოდებას ითვალისწინებს - სამივე ქვეყანას კვლავ მოუტანს სარგებელს.
„განვიხილეთ AUKUS-ის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც კვლავ სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, - განუცხადა ალბანეზემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ორი ლიდერი ასევე შეეხო რამდენიმე სხვა საკითხს, მათ შორის ირანთან კონფლიქტს. ალბანეზეს თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტს ავსტრალიის მთავრობის პოზიცია გააცნო, რომ მათ სურთ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულება, ამასთან, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა.