გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება ორი პირი - დედა-შვილი, რომელსაც სისხლჩაქცევები აღენიშნება. კიკაბიძის თქმით, პაციენტები კლინიკაში სავარაუდოდ, ორშაბათამდე დარჩებიან.
„გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა.
პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
გარდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსა, გომის მთაზე, ხევში მიკროავტობუსის გადავარდნის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტების ნაწილი ჩოხატაურის, ზუგდიდისა და ქობულეთის კლინიკებში რჩება, თუმცა მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. ჩოხატაურის კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ პაციენტებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ, სერიოზული პათოლოგია კი არ გამოვლენილა. მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და კვლევები ჩაუტარდათ. „ორი ქალი და ერთი მამაკაცია მოთავსებული, თავს კარგად გრძნობენ, 40 წლამდე ასაკის არიან. მათ დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ჩვენს კლინიკაში ყველა სამედიცინო პროცედურა და კვლევა ჩაუტარდათ, სერიოზული პათოლოგია არ აღენიშნებათ. დღის მეორე ნახევარში კლინიკას დატოვებენ“, - აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.
შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.