საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
“გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების ნაწილშიც. კერძოდ, წინასწარ შეთავაზებული და მომხმარებელთა მიერ გაცნობილი კვების მომსახურების პირობები არსებითად განსხვავდებოდა ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურებისგან. სააგენტოს შეფასებით, მომსახურების შესაბამისობა გულისხმობს როგორც წინასწარ შეთავაზებული პირობების დაცვას, ისე მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.