გერმანიის ახალი ელჩის პოზიცია ცხადყოფს, რომ ის იქნება პრინციპული და ძლიერი ელჩი - მინდა, მალე ვიხილო ამ რეჟიმის მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილება, რადგან ელჩებს პირველ განცხადებაში არ უწევდეთ დაძაბულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეჟიმს გააჩნდეს რაიმე ტიპის გერმანული მხარდაჭერა, საჭირო იქნება სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ.
„გერმანიის ახალი ელჩის პოზიცია ცხადყოფს, რომ ის იქნება პრინციპული და ძლიერი ელჩი. ის უკვე საუბრობს იმ დაძაბულობაზე, რაც არსებობს საქართველოსა და გერმანიას შორის, ეს მიანიშნებს, რომ მან კარგად იცის ყველა დეტალი იმ პოლიტიკური ვითარების, რაც სამწუხაროდ საქართველოში ტრიალებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენს მიერ არჩეულ ევროპულ გეზს.
იმისთვის, რომ რეჟიმს გააჩნდეს რაიმე ტიპის გერმანული მხარდაჭერა, საჭირო იქნება სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ. ნაცვლად ანტიევროპული ისტერიისა და პარანოიისა, პასუხისმგებლობის აღება იმ ნაბიჯებსა და რიტორიკაზე, რამაც ქვეყანას დააკარგვინა ყველა ძირითადი საგარეო პარტნიორი.
მინდა ელჩს წარმატება ვუსურვო და მინდა, მალე ვიხილო ამ რეჟიმის მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილება, რადგან ელჩებს პირველ განცხადებაში არ უწევდეთ დაძაბულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება“, - აღნიშნა გეგელიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა.
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ ახლად დანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.
„მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, - აცხადებს ბარბარა ფოსი.