ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026

ირაკლი მელაშვილი - “მიზანი პრორუსული და ანტიდასავლური “ახალი ქართველი პატრიოტის” შექმნაა

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

დავით ზურაბიშვილი - “ეს არის “წიგნი ფიცისა 2”

აშშ-ირანი - სტრატეგიული ჩიხი და ახალი ეკონომიკური თამაში “ვინ შეშინდება პირველი”

“ავტომობილზე მართვის ბლოკირების მოწყობილობის დამონტაჟება არ არის უბრალო საქმე..." - მევლუდ მელაძე

* * *

ირაკლი მელაშვილი - “მიზანი პრორუსული და ანტიდასავლური “ახალი ქართველი პატრიოტის” შექმნაა

“კობახიძეს რუსოფობიად მიაჩნია ის, რომ ქართველებს, მისგან განსხვავებით, ადეკვატური რეაქცია აქვთ რუსულ სახელმწიფოზე. საზოგადოება არ მიესალმება იმას, რომ ამ რაოდენობით შემოდიან “ტურისტები” და ბინებს მასობრივად ყიდულობენ, იღებენ ბინადრობის მოწმობას და ხვალ შეიძლება ქართულ სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემად ექცნენ. მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ელემენტარული რისკების გათვლა არ შეუძლია - რუსებმა მიიღეს კანონი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს ეძლევა უფლება, სამხედრო ძალით დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. გარწმუნებთ, ამას ამერიკისთვის არ წერენ - ამას წერენ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ჯგუფი შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცეს, შეიძლება ხვალ პოლიტიკური მოთხოვნები და ა.შ. წამოაყენონ”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ აფხაზი მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ რუსს...”

“ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი ისტორიის კრიტიკულად გაანალიზება და ეს სერიოზული საფრთხეა. კობახიძე დღეს არის პრემიერი და ხვალ აღარ იქნება, მაგრამ პრობლემები, რომლებსაც მისი და მისი გუნდის უგუნური პოლიტიკა ქმნის, შეიძლება ძალიან დიდხანს გაჰყვეს ქვეყანას და მერე სად ვდიოთ კობახიძეს?! საქართველოში ბინები რუსეთთან შედარებით იაფია. პირდაპირ იწერება რუსულ ინტერნეტსივრცეებში, რომ ყველაზე იაფად ბინების შეძენა ახლა საქართველოშია შესაძლებელი. სომხეთში ბინების ფასმა მნიშვნელოვნად აიწია, საქართველოში კი ყველაზე იაფია. ქართული ბიზნესი სავსეა ხალხით, რომლებიც მოგების სანაცვლოდ დედასაც გაყიდიან. რუსული საიტები გადავსებულია ქართული კომპანიების რეკლამებით, რომლებიც იწვევენ რუსებს და სთავაზობენ ბინებს ძალიან დაბალ ფასად. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აჭარაში, ჩვენ თვითონ ვქმნით სერიოზულ ანკლავს. კობახიძისნაირებს კი ეს ფეხებზე კიდიათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ფინელები, რომლებიც უკვე ნატოს წევრები არიან, სულელები კი არ არიან, როცა რუსებისთვის ბინებისა და უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალეს. მე არ ვამბობ, მაინცდამაინც უნდა ავკრძალოთ-მეთქი, მაგრამ ეს ხომ უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს?! პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიღაც ბიზნესმენის სურვილზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს და არ აინტერესებდეს, ვის რას მიჰყიდის. ის უპასუხისმგებლო ტიპი ჯიბეს გაისქელებს, მმართველ პარტიას შეწირულობასაც გაუგზავნის, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოების თავსატეხი გახდება. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვწერდი, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, რუსეთის მთავრობამ გამოყოს ფული და უბიძგოს თავის შეძლებულ მოქალაქეებს საქართველოში შეიძინონ მიწები, უძრავი ქონება და შექმნან ანკლავები-მეთქი. მე ნაციონალიზმისკენ კი არ მოვუწოდებ ვინმეს, არამედ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, სად გადის მისი უსაფრთხოების წითელი ხაზები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ გამიგია, რომელიმე სხვა ქვეყანა იყოს საქართველოს მტერი, არ ცნობდეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობდეს ჩვენს ჩაყლაპვას. ასეთი ქვეყანა ვიცი მხოლოდ ერთი და ეს არის რუსეთი. ბუნებრივია, ამ ქვეყნიდან ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შეიმჩნევა მასობრივი შემოდინება, მიწებისა და უძრავი ქონების შესყიდვა, რაც პირდაპირ საფრთხედ იქცევა... იაგო კაჭკაჭიშვილმა ძალიან კარგად დაწერა, საქართველოში არის განწყობა, რომ ქართველები არ ენდობიან რუსულ სახელმწიფოსო. ეს არ არის რუსოფობია. ეს არის ჩვენი ადეკვატური პასუხი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. სხვა ქვეყნებში პოტენციური დამპყრობელი ქვეყნიდან ვინმე რომ შესულიყო, ხელს მოაწერინებდნენ დოკუმენტზე, რომ ცნობს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ქართველები კი არავის არაფერს სთხოვენ... ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები, რომელსაც ფაქტობრივად ემუქრებიან და არ ცნობენ მის ტერიტორიულ მთლიანობას, აი, ასეთი ქვეყანა რომ გადაიკიდებს ევროკავშირსა და აშშ-ს, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება ან რომელ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში?!”, - ამბობს ექსპერტი.

“რუსეთში ახლა იმდენი პრობლემა აქვთ, რომ კობახიძე რას და როგორ იტყვის, არავის აინტერესებს. ხანდახან დუგინი თუ გამოვა და რაღაცას წაიბოდიალებს. პრობლემა ჩვენშია. “ქართული ოცნება” ქმნის “პატრიოტიზმის” ახალ, ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ სახეს, რომელიც უპირისპირდება ევროპასა და ამერიკას და მიაჩნია, რომ რუსეთთან ერთმორწმუნეობრივი კავშირი მოუტანს ბედნიერებას. ასეთი გაუნათლებელი, ანტიდასავლური მასის ჩამოყალიბება დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რადგან სწორედ ამაში ხედავენ საკუთარ იდეოლოგიურ და ელექტორალურ დასაყრდენს. ქვეყნის სათავეში მყოფი პირები, თუკი არჩევანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და მათ ძალაუფლებას შორის დადგება, ქვეყნის მომავალს სკამების შესანარჩუნებლად უყოყმანოდ გაწირავენ. მხოლოდ არჩევნების გაყალბება საკმარისი არ არის, იდეოლოგიური ბაზაც სჭირდებათ. ამიტომაც კეთდება ეს აბსურდული განცხადებები და ხდება საზოგადოების განწყობების ზონდირება, რათა იპოვონ ის ფორმულა, რომელიც ქვეყანაში ბატონობის გახანგრძლივების საშუალებას მისცემთ”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“ისტორიული სიბეცეა იმის მტკიცება, თითქოს 1783 წლის ტრაქტატმა საქართველო გადაარჩინა. ამ მითს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და ტრაქტატის კატასტროფულ შედეგებზე წერდნენ ქართველი ისტორიკოსები და მოღვაწეები: ივანე ჯავახიშვილი, მიხაკო წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი და ნიკო ბერძენიშვილი. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანას მხოლოდ ზიანი მოუტანა, წაართვა საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება და ერი დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვამდე და ანექსიამდე მიიყვანა. ისტორიული ფაქტია, რომ ტრაქტატის შემდეგ რუსები ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად ფულს უხდიდნენ ომარ-ხანს და იარაღს აწვდიდნენ აღა-მაჰმად-ხანს. მათ სიმბოლურად შემოყვანილი ორი ბატალიონით მთელი რეგიონი გააღიზიანეს, გადამწყვეტ მომენტში კი ეს ჯარი გაიყვანეს, საქართველო მარტო დატოვეს და ქვეყნის ყველა მტერი დააფინანსეს. ამ ყველაფრის გადარჩენად გამოცხადება უდიდესი ისტორიული უვიცობა და თავად ერეკლე მეფის შეურაცხყოფაა, რომელიც 60 წელი შეაკვდა ამ სამეფოსთვის ბრძოლას და სიცოცხლის ბოლოს თავადაც ხვდებოდა რუსეთის რეალურ სახეს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ხელისუფლების მთავარი მიზანი “ახალი ქართველი პატრიოტის” სახის შექმნაა _ ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და პრორუსული მასის, რომელსაც ჩააგონებენ, რომ საქართველო რუსეთს სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატით უკავშირდება და ამ ერთობით უნდა დაუპირისპირდეს დასავლეთს. ამ ისტორიული უვიცობის ერთადერთი ლოგიკა იდეოლოგიური გამართლებაა - კობახიძისთვის, მდინარაძისა და მათი გუნდისთვის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და 1801 წლის ანექსია გადარჩენის ტოლფასია, რათა როგორმე შექმნან რუსეთთან ერთობის ისტორიული საყრდენი”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე - “მალე შემოდგომა დადგება, როდესაც პოლიტიკური ცხოვრება აქტიურდება და რას ელოდებით, რა მოხდება?

“წესით, ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ერთიანი პოზიცია, ქვეყანაშიც და მის გარეთაც კოორდინირებულად იმუშაოს და ერთობლივად მოითხოვოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მაგრამ სააკაშვილი ამას არ დაუშვებს, ის ხელს შეუშლის ნებისმიერ პროცესს, სადაც მთავარი ფიგურა თავად არ იქნება. “ნაციონალური მოძრაობის” ბაზაზე შექმნილი ამ უამრავი პარტიის მიზანი ბიძინას დამარცხება ნამდვილად არ ყოფილა. მათი მთავარი ამოცანა იყო ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დამოუკიდებელ სუბიექტებად დამსხდარიყვნენ. თორემ ვინმემ მითხრას, რა იდეოლოგიური, ტაქტიკური თუ ეკონომიკური განსხვავებაა გვარამიას, ვაშაძეს, ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძეს შორის? რას სთავაზობენ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში? არაფერს. ბიძინას დამარცხება რომ ყოფილიყო მიზანი, არ შეიქმნებოდა 20-ზე მეტი პარტია, რომელთაც თბილისის გარეთ დასაყრდენი არც გააჩნიათ, თბილისში კი მხოლოდ სანათესაო-სამეგობრო წრეებით შემოიფარგლებიან. მწირი რესურსების კონსოლიდაციის ნაცვლად, პირიქით, მათი სრული დაქსაქსვა ხდება”

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

“საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში გარკვეული ტვირთების შეტანა მუდმივად ხდება, თუმცა ეს აფხაზურ საზოგადოებაში ზოგჯერ იწვევდა პროტესტს და სკანდალს. ახლა კი აფხაზეთში საწვავის შეტანა სოხუმში ძირითადად უარყოფითად აღიქვეს. კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, ამ საკითხზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა ატეხილი. “აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს ამ ფაქტს. აფხაზური მხრიდან დამოკიდებულება ასეთია - “ქართული პროდუქტი როგორ უნდა მივიღოთ?!” თუმცა, ეს ყველაფერი ფსევდო და ტყუილია. ვიღაც სოციალურ ქსელში პოსტს გამოაქვეყნებს და ცდილობს, საკუთარი “განსაკუთრებული აფხაზობა” დაამტკიცოს. სინამდვილეში კი, ვინც ამას წერს, იმ ადამიანების ნათესავებიდან არაერთი ჩამოსულა სამკურნალოდ და ქართული პირადობის მოწმობაც აქვთ აღებული...”, - ამბობს არეშიძე, რომლის თქმით, სოციალურ ქსელში საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი ორივე მხარეს - ქართულსაც და აფხაზურსაც ხშირად უფრო ემოციურ დონეზე აქვს, ვიდრე გააზრებული პოზიციის დემონსტრირებისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”.

“ძალიან კარგად მახსოვს როგორ ხდებოდა ეს - შედიოდა მაგალითად, ყურძენი, რომლისგანაც მერე აფხაზურ ქარხნებში ღვინო კეთდებოდა... შარშანწინ უზარმაზარი სკანდალი იყო აფხაზეთში იმის გამო, რომ წლების განმავლობაში შედიოდა ლიმონათი “ნატახტარი”, რომელზეც საქართველოს მთლიანი რუკა იყო დაბეჭდილი. ამის გამო დიდი სკანდალი აგორდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია აფხაზეთში სულ შედიოდა, მათ შორის, საწვავიც. მაგალითად, მახსოვს დიზელის საწვავის შეტანის ამბავი, ეს იყო 2000-იანების შუა პერიოდში - 2013-2014 წლებში.. ამას ხან კომერციული ფორმა ჰქონდა, ხან ჰუმანიტარული, მაგრამ პროცესი სულ მიმდინარეობდა. ლიმონათის შემთხვევა იყო პირველი, რასაც სკანდალის ფორმა ჰქონდა, რადგან მასზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება 2000-იანების დასაწყისიდან, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის უნიკალური ხის მასალა გამოდიოდა აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში და ფოთის პორტის მეშვეობით უცხოეთში გადიოდა. ამის ორგანიზატოაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“მხოლოდ ეს ორი სკანდალი მახსოვს. დანარჩენ შემთხვევაში ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ამიტომ მგონია, რომ ბენზინის სკანდალი გარკვეულწილად ხელოვნურია. ჯერ ერთი, ციფრია გაზრდილი - ამხელა რაოდენობის ბენზინი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან აფხაზეთში არ შესულა. თუმცა თავისთავად, კანონის დარღვევის ელემენტები ამაში არის. ეს არ არის მხოლოდ შიდა კანონმდებლობის დარღვევა, არამედ საერთაშორისო ნორმებისაც, რადგან, მაგალითად, ევროკავშირსა და დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში -აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა თუ სხვაგან პროდუქციის შეტანა არ შეიძლება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “გამოიწვია თუ არა ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა ან პროტესტი ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის?” - პასუხობს:

“ისინი ძალიან დელიკატურად, ეშმაკურად დაეთანხმნენ იმას, რომ ეს ფაქტი არსებობდა და ამ პროცესში თვითონაც იყვნენ ჩართული. ბადრა გუმბას ადმინისტრაციამ ისეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა, საბოლოო ჯამში ვერც გაიგებდი, ვისი ნებართვით გაკეთდა ეს ყველაფერი, მაგრამ იგრძნობოდა, რომ საქმის კურსში იყვნენ. ამ მხრივ პროტესტს ადგილი არ ჰქონია... აფხაზეთთან ურთიერთობაში ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც შევძლებთ არა მხოლოდ ერთი ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებას, არამედ ეკონომიკური და განათლების თანამშრომლობის პროგრამების ამოქმედებასაც. ამას, საერთო ჯამში, “რბილი ძალის” პოლიტიკა ჰქვია და ეს აუცილებლად გასაკეთებელია”...

“ვინც ბენზინის შეტანაზე ლაპარაკობს, იმას ავიწყდება, რომ აფხაზებს მიაქვთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%. დავარქვათ ამას, გინდა ჰუმანიტარული აქცია, გინდა სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ხომ ეს არის? ჩვენ ხომ ვეხმარებით აფხაზებს გარკვეული ფორმით? გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს გალის მოსახლეობის ფაქტორი. ოპონენტი აუცილებლად მეტყვის, რომ გალის მოსახლეობას ვერ ვპატრონობთ და მართალიც იქნება, რადგან იქ აქტიურად მიდის დექართველიზაციის პროცესი და ქართული ენის შეზღუდვა. ვინც ამის გამო აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მართალია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოსახლეობისთვის რაღაც ხომ მაინც უნდა გაკეთდეს? მე რომ საშუალება მქონდეს, ისეთ სიტუაციას შევქმნიდი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა გალის რაინში ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას. ისე გავაკეთებდი, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ნორმალურ პირობებში ყოფილიყო”, - დასძენს არეშიძე.

დავით ზურაბიშვილი - “ეს არის “წიგნი ფიცისა 2”

“კობახიძის ეს გზავნილები არ არის შიდა აუდიტორიისთვის გამიზნული, აშკარად პუტინისადმი მიმართვაა, ჩვენ თქვენი მტრები არა ვართ, პირიქითო... არა მხოლოდ ეს მესიჯია, ისიც, რომ თითქოს ქართველი ხალხიც არ არის მათი მტერი. ჩემი დაკვირვებით, ეს რიტორიკა უფრო ქორწილის ინციდენტის შემდეგ წამოვიდა. ერთი-ორი დღე სიწყნარე იყო, მერე კი სოცქსელებში აგორდა კამპანია, მოდი, საქართველოში აღარ წავიდეთო. რუსეთის ოფიციალური პირებისგანაც გაისმა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან სათანადო რეაქციას ელიან. არ გამოვრიცხავ, არაოფიციალურადაც შეატყობინეს ბიძინას, კალაძეს ან კობახიძეს, თუ ასე გინდათ, მაშინ დაემშვიდობეთ რუს ტურისტებსო, ან შეიძლება კიდევ უარესიც უთხრეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ეს არის “წიგნი ფიცისა 2”.

“ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკის უმეტესობა, რითაც ტრაბახობენ, რუსეთში კონტრაბანდით, სანქციებისგან თავის არიდებით, მეორადი პროდუქტის გადაზიდვებით, კონცერტებითა და რუსული ტურიზმით კეთდება. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული. არ გამოვრიცხავ, რუსეთის ეს მუქარა ივანიშვილისთვის იმდენად შემაშინებელი იყო, რომ რუსეთისთვის ერთგულების ფიცის დადება დაიწყეს. ეს არის “წიგნი ფიცისა 2”, ოღონდ რეალობაში გაცილებით უნიჭოდ დადგმული. მაგრამ “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” - რამდენჯერაც არ უნდა დაიფიცო, არ ითვლება, რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, ფაქტობრივად, სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და ახალი რეალობის მიღებას - ჯერ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას, რაც უკვე აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. რადგან ხელშეკრულებას სეპარატისტულ რეჟიმთან აფორმებ, რუსეთი პირდაპირ ამბობს, ჩემთან კი არა გაქვს საქმე, ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთანო. ხელისუფლება ამაზე ვერ მიდის...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რუსოფობიაზე შეუძლიათ რაღაც სისულელეები ილაპარაკონ და “ისტორიულ” ზღაპრებსაც მოყვნენ, თურმე ერეკლემ ტრაქტატი რომ დადო, იმის მერე საქართველომ მოისვენა - ეტყობა, აღა-მაჰმად-ხანისა და ომარ-ხანის ლაშქრობები არ ითვლება, არც ერეკლეს წერილები... ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია - ერთი მხრივ, უნდა რუსეთთან აწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოს, რათა ფული აკეთოს; მეორე მხრივ, არ არის მზად იმ ნაბიჯებისთვის, რასაც რუსეთი ითხოვს. თან ეშინიათ, ვაითუ რუსეთმა ეკონომიკური კეთილდღეობის წყარო გადაუკეტოს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ივანიშვილს რუსეთისგან უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე დასავლეთისგან. დასავლეთი ადამიანის ელემენტარული უფლებების პატივისცემას ითხოვს, რუსეთი კი - სეპარატისტული რეგიონების აღიარებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ივანიშვილს არც ერთი არ უნდა... სურს, რომ ამ ერთგულების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში რაღაც ილუზორული მხარდაჭერა მაინც გამოუცხადოს. “დიპ სტეიტიც” რუსეთისთვის არის გამიზნული - ხომ ხედავთ, მე თქვენიანი ვარ და იმათ ვაგინებო. რეალურად, კობახიძე ბიძინას განასახიერებს, ადრესატი კი პუტინია. ფიცს, ერთგულებას, სადღეგრძელოებსა და ფარისევლურ მორჩილებას უგზავნის, ოღონდ იმ ქვეტექსტით, “დანარჩენს ნუღარ მომთხოვთ, ფულს ვშოულობთ და შემეშვითო”... მაგრამ რუსეთისთვის მათი ცარიელი რიტორიკა და “დიპ სტეიტის” გინება არაფერს ნიშნავს. ამის გამო ის საქართველოში ივანიშვილების დინასტიას არ აკურთხებს. რუსეთს აქ ვიღაც კა-გე-ბეს გენერლის ან სხვა ვინმეს დასმა ურჩევნია. პუტინს პიროვნულად ეზიზღება 80-90-იანების ოლიგარქების კლასი, ბიძინაც ამ კლასის წარმომადგენელია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებით კმაყოფილია, რადგან ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც ამ პოლიტიკის შედეგად მიიღო... მაგრამ რუსები კონკრეტიკას ითხოვენ, ამ კონკრეტიკაზე კი ხელისუფლება ვერ მიდის”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ამიტომ არ იციან, რა ქნან და ცდილობენ მლიქვნელური რიტორიკით გავიდნენ ფონს. თუმცა რუსეთი მეტს მოითხოვს. რუსეთისგან მუქარა რეალურია, შეიძლება საზღვრის ჩაკეტვაც კი მოითხოვონ. მართალია, საქართველოდან გადის კონტრაბანდა და ამით აქაურები ხეირობენ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლით რუსეთში შემავალი ეს პროდუქცია იმდენად მცირეა, რომ სასაცილო ციფრს წარმოადგენს. რუსეთმა საზღვრები სულ რომ ჩაკეტოს, დარდი არ ექნება, ამიტომ ჩაკეტვა თუ დასჭირდა, ჩაკეტავს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ივანიშვილი კა-გე-ბეს ან ეფ-ეს-ბეს ლეიტენანტი ან მაიორია. სინამდვილეში ის ტიპური რუსული ოლიგარქიული ჯიშის წარმომადგენელია, რომელიც პუტინს ეზიზღება. მათ პირადი ურთიერთობები არა აქვთ. რუსეთსა და პუტინთან თუ ვინმე იყო კარგად, ეს კახა ბენდუქიძე იყო, მაგრამ მან მოახერხა და ჩამოსცილდა. შეიძლება მისი ყველა მოქმედება არ მოგწონებოდა, მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო. არც ბიძინაა უჭკუო. თუმცა ბენდუქიძე არ იყო, ასე ვთქვათ, პარანოიდული, არ ჰქონდა შიში, პუტინი მომკლავსო, ამას კი ამის შიში აქვს. ჰგონია, თუ შვეიცარიაში ბანკი გაკოტრდა, ეს მის წინააღმდეგ გააკეთეს”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

“ბენდუქიძემ გაცილებით რთული სიტუაციიდან შეძლო თავის დაღწევა. არადა, ძალიან ახლოს იყო პუტინთან, საპრეზიდენტო საბჭოს წევრიც გახლდათ - რუსეთისთვის აქ რკინიგზა და ნავთობსადენი უნდა მიეყიდა, მაგრამ ვერ გააკეთა. მერე თავიდან აიცილა ეს ამბავი, სხვა რანგში დაიწყო ინვესტირება და პუტინს ის არ მოუკლავს, ხომ? ივანიშვილის გამო რუსეთი არაფერს დათმობს - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ისედაც უჭირავს და ახლა ბიძინა მისკენ იქნება თუ არა, ეს მისთვის ტრაგიკული სულაც არ არის. არადა, ბიძინა ელოდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რუსეთისგან რაღაც მხარდაჭერას მიიღებდა. სუს-ის მეშვეობით უკვე იმ ჭორებსაც კი ავრცელებდნენ, თითქოს ბიძინა აფხაზეთს ყიდულობსო და მსგავს სისულელეებს... უფრო და უფრო ვეფლობით ამ სიგიჟეებში და ჯერჯერობით საშველიც არ ჩანს. არ ვიცი, ორი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიღაც ახალი მესია თუ მოგვევლინება - ერთადერთი ეგ არის...” - დასძენს ზურაბიშვილი.

აშშ-ირანი - სტრატეგიული ჩიხი და ახალი ეკონომიკური თამაში “ვინ შეშინდება პირველი”

“აშშ-ისა და ირანის დაპირისპირება სტრატეგიულ ჩიხში შევიდა - ექვსთვიანმა სამხედრო კამპანიამ ვაშინგტონს დასახული მიზნები ვერ მოუტანა, რის გამოც აქცენტი “არნახულ ეკონომიკურ იზოლაციაზე” გადადის. შედეგად, მხარეები გადავიდნენ ეკონომიკურ “ნერვების ომზე”, სადაც აშშ-ის სანქციებს ირანის მიერ გლობალური ენერგომარშრუტების შანტაჟი უპირისპირდება. ირანი ჯერ კიდევ მერყეობს, განაახლოს თუ არა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. ოფიციალური თეირანის შეფასებით, შეფერხების მიზეზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ჰორმუზის სრუტის მომავალთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა... ექვსთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რომელმაც ვაშინგტონისა და ისრაელის მთავარ მიზნებს - ირანის ხელისუფლების დამხობასა თუ ჰორმუზის სრუტის გახსნას ვერ მიაღწია, შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, დასახული ამოცანების შესასრულებლად ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმებზე გადასვლაზე მიანიშნებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიური ჩიხი და ახალი ეკონომიკური თამაში - “ვინ შეშინდება პირველი”

“ხუთშაბათს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანზე ზეწოლის მიზნით მალე ახალ ეკონომიკურ ზომებს გაატარებს. “ეს იქნება მსოფლიოში არნახული ეკონომიკური იზოლაციისა და ჰორმუზის სრუტეში გაგრძელებული ბლოკადის კომბინაციით შექმნილი ვითარება, რაც ირანულ პორტებში ტვირთების შესვლა-გამოსვლას სრულად აღკვეთს”, - აღნიშნა მან. აგვისტოში აშშ-მა იმ სავალუტო ჯიხურებისა და ფიქტიური კომპანიების ქსელის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, რომლებიც, ვაშინგტონისვე ინფორმაციით, ირანს საერთაშორისო ფინანსური სისტემის გვერდის ავლით ასობით მილიონი დოლარის ფარულად გადარიცხვაში ეხმარებოდა. “ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ეკონომიკური რისხვის პოლიტიკის ქვეშ ინგრევა და რეჟიმს ფულის გადასაადგილებლად გზები ეწურება”, - განაცხადა ბესენტმა აღნიშნული სანქციების დაწესებისას. ეს სტრატეგია ახალი არ არის: 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანზე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური სანქციები მუდმივად მკაცრდება, ეკონომიკურმა პრობლემებმა ქვეყანაში არაერთხელ მწვავე და დესტაბილიზაციის შემცველი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, თუმცა რეჟიმის ცვლილებამდე ეს პროცესები არასდროს მისულა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ყოფილმა მრჩეველმა, მარკ გინსბერგმა “ალ ჯაზირასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატები “მაქსიმალური ზეწოლის” ტაქტიკას დიდი ხანია იყენებს, ახლანდელი ვითარება განსხვავებულია, თეთრ სახლს კი შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მკაფიო სტრატეგია არ გააჩნია: “ეს ჰგავს ეკონომიკურ თამაშს - “ვინ შეშინდება პირველი”, რომელი მხარე გადაუხვევს გზიდან შეჯახებამდე”, - თქვა ყოფილმა მრჩეველმა, რომლის აზრით, “საბოლოო ჯამში, ირანის მთავრობაზე ადრე უკან დახევა ამერიკის ადმინისტრაციას მოუწევს”, - დასძენს გამოცემა.

“ავტომობილზე მართვის ბლოკირების მოწყობილობის დამონტაჟება არ არის უბრალო საქმე..." - მევლუდ მელაძე

“მძღოლმა მანქანის დაქოქვამდე უნდა ჩაბეროს სალონში დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობაში და სისტემა ალკოჰოლის ჭარბ დონეს თუ დააფიქსირებს, ძრავის ელექტრონული სისტემა ავტომატურად დაიბლოკება. ასეთი მოწყობილობა ამერიკის რამდენიმე შტატში აქვთ. სიმართლე გითხრათ, ეს პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში არ მინახავს. იქ თუ მძღოლი შემჩნეულია სიმთვრალეში, მიდის შემოწმება, მოულოდნელადაც კი... მოწყობილობის დამონტაჟება არ არის უბრალო საქმე, არაერთ პროცედურას მოითხოვს. მაგალითად, თუ მანქანა თანამედროვე ელექტრონიკითაა აღჭურვილი, ბლოკთან უნდა გქონდეს კავშირი, ცენტრიდან გამოყვანილ მანქანას ნებისმიერ ჩარევაზე ცენტრი გარანტიიდან ხსნის, რადგან არ შეგიძლია კომპიუტერში რაიმენაირად ჩაერიო, ცენტრის თანხმობა დაგჭირდება - ამ მოწყობილობამ ბლოკი ხომ უნდა გამორთოს, მანქანა რომ არ დაიქოქოს, ამ ბლოკს უნდა დაუკავშირდეს ეს მოწყობილობა, დაქოქვის უფლება რომ არ მისცეს, სანამ ის აღიქვამს, რომ ნასვამი ხარ. ამას მცოდნე ხელოსნები სჭირდება”, - აცხადებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთვრალი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს?!”

“ჩვენთან მოწყობილობა უნდა ჩააყენოს აბსოლუტურად ყველამ და სახელმწიფო არ გაიღებს ამ თანხას. თუმცა საკითხავია, როგორ ჩააყენოს მძღოლმა, სად შეიძინოს, როგორ, ყველას სადაც და როგორც მოუნდება, ვერ იყიდის, ვიღაცამ ეს მოწყობილობა უნდა შემოიტანოს, ან ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ დამონტაჟების პრობლემაა - ღია წვდომა უნდა იყოს და ნებისმიერმა დაამონტაჟოს თუ მოწყობილობას კომპანიები დაამონტაჟებენ? ხელოსნების ერთმა ჯგუფმა უნდა იცოდეს, რომელ მანქანაზე რა როგორ დაამონტაჟოს... კიდევ ერთი ნიუანსია - ჩვენ ხომ არა ვართ ის ქვეყანა, სადაც სულ ახალი ავტომობილები მოძრაობენ, ძველ ავტომობილებს და მით უმეტეს მათ, რომელთაც ძრავის მექანიკური სისტემა და მოწყობილობები აქვთ (“ჟიგულები”, “ვოლგები”, “მოსკვიჩები” ან თუნდაც ძველი “ფოლკსვაგენები”, “მერსედესები” თუ სხვა) როგორ ბლოკავ? ისინი რომ დაბლოკო, ცალკე რელეების სისტემა უნდა ააწყო. მოკლედ, ბევრი ნიუანსია. ჩემი აზრით, ეს თემა იმიტომ წამოიჭრა, რომ ამაზე ატყდეს ერთი ამბავი და დანარჩენი თემები და პრობლემები გადაიფაროს ქვეყანაში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ მელაძე.

“ნასვამი მძღოლი საჭესთან ყველაზე დიდი საფრთხეა და ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, ყველგან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს ეძებენ, მაგრამ ისე, რომ ადამიანის უფლებები არ შეიზღუდოს. ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი დანაშაული არ ჩაუდენია და საერთოდ არ სვამს, რატომ უნდა აიძულო ჩააყენოს რაღაც მოწყობილობა? მაგალითად, გერმანიაში რაც მანქანები შედის, მათ შორის იაპონური, ითხოვენ, რომ ციმციმა უნდა იყოს ესა და ეს ფერი, ასეთი დახრის და ისინიც ასე აწარმოებენ. აშშ-ში ციმციმა შეიძლება წითელი იყოს, ევროპაში - არა. მოითხოვე, რომ შენს ქვეყანაში გამოსაგზავნ მანქანებს ჰქონდეს ისეთი მოწყობილობა, რომელიც ნასვამ მძღოლს არ დააქოქვინებს მანქანას. ადრე თუ გვიან, რამდენადაც ახალი მანქანები გამრავლდება, ეს სისტემა ავტომატურ რეჟიმში შემოვა, ანუ მანქანებს ქარხნულად ექნება დამონტაჟებული. ეს არის ნელი, მაგრამ სწორი გზა, შენ თუ მართლა ზრუნავ საკუთარ მოქალაქეებზე. სხვა მხრივ, ეს ადამიანის უფლებების შელახვაა”, - განმარტავს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

“ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს, მით უმეტეს, საქართველოში. ეს რომ იყოს გერმანია და ვიღაცას უთხრა, მოდი, ჩემს მაგივრად ჩემს მანქანაში ჩაბერეო, შეიძლება დაგცინოს, ან უარი გითხრას, მაგრამ საქართველოში ნებისმიერს თუ სთხოვ, სურვილს შეგისრულებს... ყოველთვის ვიღაც რაღაცას დაარღვევს, მნიშვნელოვანია შემდეგი აღსრულების ნაწილი იყოს ისეთი, რომ ეს დარღვევა არ გიღირდეს. სიმკაცრე უნდა იყოს და ამით უფრო მოგვარდება პრობლემა”, - დასძენს მევლუდ მელაძე და შეკითხვაზე - “სიჩქარის კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ზღვრამდე შეზღუდვაზე რა აზრის ხართ?” - პასუხობს:

“რაც არ უნდა წრეები ვარტყათ, როგორც არ უნდა ვიაროთ, საბოლოო ჯამში, მაინც ყველა გზა აბსოლუტურად იქამდე მივა, რომ არა გვაქვს სათანადო განათლება. დიახ, ეს ინვესტიცია ჯობია მთლიანად განათლებაში ჩავდოთ, ბაღიდან უნდა დაიწყოს ბავშვების განათლება საგზაო უსაფრთხოებაზე - რას ნიშნავს შუქნიშანი, გზაჯვარედინი და ა.შ. შემდეგ ეს სკოლის ასაკში უნდა გაგრძელდეს. ცივილიზებულ სამყაროში ბევრგან არსებობს პროგრამები, შეგვიძლია ავიღოთ სკანდინავიური ქვეყნების მაგალითები. წარმოიდგინეთ, ჩვენ არა გვაქვს არანაირი სტანდარტი, ის კი არა, ავტობანზე სასწავლო სვლაც აკრძალულია, არადა, ავტობანზე აბარებენ გამოცდას. ჯერ ცოდნას მივხედოთ და მოწყობილობებზე მერე გადავერთოთ...”

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით