მედია - რუსეთმა ნატო-ს ტერიტორიის სიღრმეში მაღალი სიმძლავრის დრონების გაშვების შესაძლებლობის მქონე საიდუმლო ბაზები მოაწყო

რუსეთმა მოაწყო საიდუმლო ბაზები, საიდანაც ნატო-ს ტერიტორიის სიღრმეში მაღალი სიმძლავრის დრონების გაშვების შესაძლებლობა არსებობს.

The Telegraph-ის გამოძიებამ გამოავლინა კრემლის 10 ბაზა, სადაც მოსკოვის ყველაზე მოწინავე, შორ მანძილზე მოქმედი „კამიკაძე-დრონებისთვის“ ახლად აშენებული გამშვები მოედნებია მოწყობილი.

გამოცემა წერს, რომ ბაზების ნაწილი უკვე გამოიყენება უკრაინის დაბომბვისთვის, რადგან საზღვართან სიახლოვე ხელს უწყობს კიევის დასუსტებული საჰაერო თავდაცვის გავლით მასობრივ საჰაერო თავდასხმებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი ასევე წარმოადგენენ ნატო-ს მოკავშირეებისთვის გრძელვადიან საფრთხეს, რადგან მათ ვლადიმირ პუტინის მაღალტექნოლოგიური თავდასხმის დრონების მოქმედების რადიუსში აქცევენ.

ანალიტიკოსების განცხადებით, სწრაფად განვითარებული ეს ტექნოლოგია ომის შემთხვევაში შესაძლოა ევროპის წინააღმდეგაც გამოიყენონ, ხოლო ზოგიერთი ბაზა რუსეთის ყველაზე მძლავრ დრონებს ვარშავის დარტყმის ზონაში აქცევს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციის, რუსეთი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო ან დრონებით თავდასხმებს, ან ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციების განხორციელებას განიხილავს, რომელშიც უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გაჟონილი დოკუმენტებისა და სატელიტური სურათების გამოყენებით, The Telegraph-მა რუსეთ-ბელარუსისა და რუსეთ- უკრაინის საზღვრებთან სულ მცირე 59 ახალი გამშვები რელსი გამოავლინა - მექანიკური მიმმართველი ლიანდაგები, რომლებიც ფიქსირებული ფრთის მქონე დრონების გასაშვებად გამოიყენება და ტრადიციულ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ცვლის.

დრონების სადაზვერვო კომპანია DroneSec-ის მიერ გაანალიზებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ახლად დამონტაჟებული რელსებიდან დაახლოებით 20, სავარაუდოდ, გაზრდილი სიგრძისაა, რაც მიუთითებს, რომ მათ კრემლის უახლესი შორ მანძილზე მოქმედი თავდასხმის დრონების გაშვება შეუძლიათ.

„მოსკოვი დაჩქარებული ტემპით აუმჯობესებს ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების საკუთარ ვერსიას და უკვე იყენებს უფრო ახალ, მაღალი სიჩქარის რეაქტიულ ვარიანტებს, რომლებსაც თითქმის 620 მილის (დაახლოებით 1 000 კილომეტრის) დაშორებით მდებარე სამიზნეებამდე მიღწევა შეუძლიათ. იდენტიფიცირებული ბაზებიდან ახალი ვარიანტების გამოყენება პუტინს პოლონეთის დედაქალაქზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის მთავრობის ინტერნეტში გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, უახლეს ვარიანტებს, სახელწოდებით „გერან-4“ და „გერან-5“, ისეთი სიჩქარით ფრენა შეუძლიათ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავის დაღწევა შეძლონ და 90 კილოგრამამდე ტვირთს ატარებენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, განაცხადა, რომ რუსეთი „გერანის“ ტიპის დრონებს ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით აღჭურავს, რათა ისინი კიევის დამცველ თვითმფრინავებზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს.

„ფოტომასალამ აჩვენა ამ მაღალტექნოლოგიური დრონების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ერთ-ერთ ბაზაზე საკმარისი საცავი სივრცეა იმისთვის, რომ იქ ერთდროულად 1 000-ზე მეტი დრონი იყოს განთავსებული. რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე კი დამატებითი გამშვები რელსების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მიუთითებს მოსკოვის ამბიციაზე, დრონებისგან მომდინარე საფრთხე გაზარდოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ამ ბაზებს ქვეყნის მასშტაბით განლაგებული საბრძოლო მასალების არაერთი ქარხანა ამარაგებს, მათ შორის ალაბუგის სპეციალური ეკონომიკური ზონა - რუსული დრონების წარმოების კომპლექსი, რომელიც წელიწადში 6 000 ერთეულს აწარმოებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა