პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე მიდიოდა სუს-ში და გადასცემდა თანხას სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორის განმარტებით, რომეო მიქაუტაძემ, რომელიც მოწმეა ლილუაშვილის ბრალდების საქმეში, ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე.
„დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას, ერთ-ერთი გარემოება ეს არის, რაც ამყარებს. გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარი ის არის, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და მასში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რომ სხვა მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე და ბუნებრივია, მსგავსი დანაშაული ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასწრების ფორმატში არ ხდება. (თანხის გადაცემა) ეს ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში“, - განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უშუალოდ რომეო მიქაუტაძე მიდიდა სუს-ში და გადასცემდა თანხას გრიგოლ ლილუაშვილს? პროკურორი ასე პასუხობს: „კი, ბატონო. როგორც მოწმე აცხადებს, ასეა“.
„მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირები, რომლებიც მანამდე ნამყოფი იყვნენ უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათი ასვლის პროცედურა რაც არის... ასევე დაცვის წევრების მიერ ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს. შესაბამისად, ეს გარემოებები და კიდევ ბევრი სხვა ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც სწორედაც ამყარებს დღეს დასაკითხი მოწმის(რომეო მიქაუტაძის) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
როგორც მოწმემ(რომეო მიქაუტაძემ) განაცხადა, ბიზნესმენებს ის განუმარტავდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაკითხვისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა. ეს მოცემულობა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით, თუმცა ეს იყო მხოლოდ სახელწოდება და რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადი იყო ამ პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, რომ ეს ყოველივე არანაირ სახელმწიფო ინტერესს არ ემსახურებოდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის განმარტებით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში.
„კი ბატონი, ჩანთით ჰქონდა (თანხა). შენობაში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენ დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელსამე ადასტურებს, იმავე სართულზე ნანახი ჰყავს, მაგალითად, რომეო მიქაუტაძე“, - განაცხადა პროკურორმა
მან უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ რომეო მიქაუტაძესაც აღმოჩნდეს ბრალდებული, რადგანაც მას გამოძიების თანახმად თანხა მიჰქონდა ლილუაშვილთან
„ამ საქმეში ბევრი პირის მონაწილეობა იკვეთება. მე წინსწრებით ვერ დავარქმევ დანაშაულს, ვიდრე ამა თუ იმ პირის მიმართ არ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული ზოგადად და ვერ დავარქმევ კონკრეტულ ქმედებას დანაშაულს, თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით. მე ვსაუბრობ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში თუ გამოიკვეთება სტანდარტი, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამას ჰქვია თანამშრომლობა. პროცესზეც გაჟღერებულია, რომ თითქოსდა და ეს ადამიანი თანამშრომლობს იმიტომ, რომ ბენეფიტები მიიღოს და ეს საკითხი იფუთება ისე, თითქოს რომ თანამშრომლობა ცალკე დანაშაულია - რა თქმა უნდა, არა. გამოძიებასთან თანამშრომლობა, სასამართლოში სიმართლის თქმა, ეს ყველაფერი არის ძალიან დასაფასებელი და შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, გულწრფელი აღიარება, თუ ინფორმაციის მოწოდება აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას. (ბრალის წაყენება მიქაუტაძისთვის) მე არ გამომირიცხავს, მე უბრალოდ, მოცემულობა აღვწერე, რასაც დაცვის მხარე ფუთავს ისე, რომ თითქოს ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა პირის ქმედებას კანონის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისად ექნება კანონისა სამართლის ფარგლებში გადაწყვეტილება“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.