ჩვენ გვაქვს ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ვფლობთ ინფორმაციას როგორც საოკუპაციო ხაზიდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რა ბედი ეწია ამ ტვირთს და ვინ არის რეალური ადრესატი, თუმცა შეფასებებისგან თავს შევიკავებთ და დაველოდებით ოფიციალურ პასუხებს კობახიძისგან - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური შეფასება ჩვენი გუნდისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანის მიზანი ჰუმანიტარული დახმარება იყო, მისაღებია, თუმცა, თუ ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც კერძო ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს ემსახურება, მაშინ ხელისუფლებამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები უნდა გასცეს.
„ამ საკითხს ორი განზომილება აქვს - ეკონომიკური და ჰუმანიტარული. იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ აქტივობასთან, ეს აბსოლუტურად მისაღებია. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს ყველა იმ სიკეთით და სარგებლით, რაც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე ვრცელდება და მათ შეზღუდვა არცერთი თვალსაზრისით არ აქვთ. თუ ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი, ჩვენ ერთგვარი ვალდებულებაც კი გვაქვს, თუმცა, თუ ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც კერძო ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს ემსახურება, მაშინ ხელისუფლებამ უნდა აგვიხსნას რა პროცედურები გაიარა ამ ნავთობპროდუქტმა, მაგალითად, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დროს. თუ ეს არის ეკონომიკური ტვირთ, მაშინ მას საბაჟო პროცესები უნდა გაევლო. ჰქონდა თუ არა მსგავს ადგილი?! ვინ არის ამ ტვირთის ადრესატი?! მოხმარდა თუ არა ის საზოგადოებრივ ინტერესებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას?! მოხმარდა თუ არა ეს სამედიცინო დაწესებულებებს?! ჩვენ ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ვფლობთ ინფორმაციას როგორც საოკუპაციო ხაზიდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რა ბედი ეწია ამ ტვირთს და ვინ არის ამ ტვირთვის რეალური ადრესატი, თუმცა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, ასეთი შეფასებებისგან თავს შევიკავებთ და ველოდებით ხელისუფლებისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს,“ - განაცხადა ბაკარაძემ.