კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე - აგენტის ბედი ასეთია, დავალებაა წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები - ეს მოღალატეობრივი, მტრული განცხადებებია

აგენტის ბედი ასეთია. დავალება არის წამოსული და ნელ - ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ აღნიშნული მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ აღნიშნული ტერიტორიები. ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ -ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ყარაბაღთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება და მესიჯი აქვთ მიღებული“.

„იკვეთება ის, რომ ამ უსამშობლო აგენტურას, რომელიც გარე ძალებიდან იმართება, ახალი დავალება აქვთ მიღებული, ახალ მესიჯს აჟღერებენ. მოვისმინეთ ეს ერთობლივი განცხადებები, მესიჯები, გვარამიას, სამადაშვილის, საუბრობენ ტრავმულ მეხსიერებაზე, გამოწვევებზე, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ღიად ვისაუბროთ. მოვისმინეთ მოღალატეობრივი და ანტიქართული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომელიც ყველა ქართველისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მოვისმინეთ განცხადებები, რომ ამ პრობლემის და გამოწვევის დაძლევა შეუძლებელია და კიდევ უფრო მტრული და მოღალატეობრივი იყო ნარატივი, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზებისთვის საქართველო კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე დღეს რუსეთი და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოება კიდევ უფრო კარგად შეაფასებს ამ გზავნილებს. საერთოდ, ფაშინიანით აღფრთოვანება ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებით და მაგალითის მოყვანა კიდევ უფრო მძიმეა. საუბარი ეხებოდა იმას, რომ ფაშინიანმა კონფლიქტი მოაგვარა და გვარამია საუბრობდა, რომ ყარაბაღი ჩააბარა. ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ამ ტიპის შედარებებს აკეთებ. ორი აბსოლუტურად განსხვავებული თემა - რატომ უნდა შემოიტანო ფაშინიანის ქეისი, ფაშინიანით აღფრთოვანება, იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძვირფასი, მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა აგენტის ბედი ასეთია. დავალება არის წამოსული და ნელ - ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ აღნიშნული მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ აღნიშნული ტერიტორიები.

ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები და მცდელობა იმის, რომ ისტორია დაამახინჯო. მცდელობა იმის, რომ საზოგადოებას არასწორად წარმოუჩინონ რეალობა, გამოწვევები, რაც არსებობს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის ტკივილი, ის ტრაგედიები, რაც 90-იან წლებში მივიღეთ, ეს არის ის, რაც აერთიანებს ქართველ ერს. ნებისმიერი ქართველი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ მისი მთავარი ღირებულება არის ტერიტორიული მთლიანობა და ამ პრობლემის დაძლევა. ვერცერთი გარე ძალა, ეს უსამშობლო ადამიანები ვერ ეღირსებიან იმას, რომ ქართველმა კაცმა, ქართველმა ადამიანმა უარი თქვას მის მთავარ ღირებულებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ ტყვეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებაც გარე ძალების გზავნილების ნაწილია.

„ნუ გგონიათ, რომ აღნიშნული განცხადებაც შემთხვევითი იყო. ეს ამ მთლიანი კონტექსტის ნაწილია, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. როგორ ფიქრობთ, სამადაშვილი ან გვარამია თავისით გამოვიდნენ და თავისით გააკეთეს ეს მტრული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები? ასეთი სულელებიც არ არიან. რა თქმა უნდა, ბარამიძის განცხადება, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, იმ გზავნილების ნაწილია, რაც გარე ძალებს აქვთ. მათთვის ეს ქვეყანა არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. არავინ ფიქრობს ქართველზე, აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მათ ჩვენი ქვეყანა ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით გაატარონ სხვადასხვა ინტერესი და გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია“ და ფაშინიანით იმიტომაა აღფრთოვანებული, რომ მან „ტრავმების დამარცხება შეძლო“. ამ თემაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა „არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან იმ მიზეზით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს დაულაგდებოდა ურთიერთობა და ევროკავშირისკენ მეტი პერსპექტივა ექნებოდა“. მისივე თქმით, იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე ყარაბაღთან დაკავშირებით.

„რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გaასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ ნუ, მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველები ვედავოთ სომხებს,“- აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ არის აფხაზეთთან პარალელი და არ უნდა გაიგოს ვინმემ არასწორად.

„ტრავმის ნაწილზე ვამბობ. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია, არცერთი აღიარებით“,- აღნიშნა გვარამიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა