რა თქმა უნდა, აფხაზეთში უნდა შედიოდეს საწვავიც, საკვებიც და ყველაფერი, მაგრამ საქართველოს გავლით და არა რუსეთის, ან სხვა სახელმწიფოს გავლით - ნეტა ბევრი ასეთი ბიზნესმენი იყოს, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად, გაერთიანების პოლიტიკას განახორციელებს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მიესალმება „ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს გვერდში დგომას საქართველოს გაერთიანების და ნდობის აღდგენის პოლიტიკის ნაწილში“.
„სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკა და ეს არის საჯაროდ გაცხადებული. სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი და სამინისტრო არსებობს ამისთვის. არის ცალკე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უამრავი პროგრამა - სოფლის მეურნეობის, განათლების, სამედიცინო, სპორტული და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკა. მეორე - არის კონკრეტული ბიზნესმენების, კონკრეტული ადამიანების მიერ ცალკეული ინიციატივები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ან რომლებსაც სხვადასხვა ტიპის კავშირები აქვთ. ფაქტობრივად, ამით სახელმწიფოს უდგებიან გვერდში - სახელმწიფოსთან ფორმალური თანხმობის, თუ თანხმობის გარეშე, მაგრამ მთავარია, რომ კანონმდებლობის დაცვით. რა თქმა უნდა, აფხაზეთში უნდა შედიოდეს საწვავიც, საკვებიც და ყველაფერი, მაგრამ საქართველოს გავლით და არა სოჭის გავლით, რუსეთის, ან სხვა სახელმწიფოს გავლით. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს გვერდში დგომას საქართველოს გაერთიანების და ნდობის აღდგენის პოლიტიკის ნაწილში,“ - განაცხადა მახაშვილმა.