ირაკლი კობახიძე - გარანტიას ვიძლევი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე დაცულია - მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს

გარანტიას ვიძლევი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე დაცულია - მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

პრემიერი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი მისთვის გაუგებარია.

„რა თქმა უნდა, [უსაფრთხოება] დაცულია. მე გარანტიას ვიძლევი, რომ უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ის წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე როგორც მისი ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული. ეს არის, ზოგადად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული. ეს არის სახელმწიფოს ზოგადი პასუხისმგებლობა.

ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ?! თქვენ რაიმე თეორიული ვარიანტი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რატომ შეიძლება შეექმნას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე?! მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს. თეორიულ რისკსაც კი ვერ ვხედავ. თეორიულად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა რისკზე შეიძლება იყოს საუბარი?! აბსურდია.

აქ ადრესატი იყო ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვსვამ მარტივ კითხვას- რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ვინმეს და რა თეორიული რისკი შეიძლება იყოს?! არავითარი. მარტივი პასუხი მაქვს ამაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა ახალ საქმეზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი წერილში, პრემიერი ამბობს, რომ მისთვის უცნობია და ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ეს სამართალდამცავი უწყებების საქმეა. თუ რაიმე სხვა საქმე არსებობს, მათგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია მიიღოთ,“ - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, მოიკითხა თუ არა გუშინ, რა ახალ საქმეზე იყო საუბარი, პრემიერი ამბობს, რომ „სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში ჭარბი ჩარევა არ ვარგა, შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც არსებობს“.

„ჩვენ შეგვიძლია ამითაც დავინტერესდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის - ისინი კეთილსინდისიერად მოქმედებენ. თუ სხვა დანაშაულის რაიმე ნიშნები იქნება, ისინი არიან ამაზე პასუხისმგებლობები და რაც მთავარია, ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. თუ ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა, საზოგადოება გაიგებს, არაფერი დაიმალება.

მე ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე შეგნებულად ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ასეთი საკითხებით იმისათვის, რომ ზედმეტი გავლენის ქვეშ არ მოიქცეს ესა თუ ის სამართალდამცავი ორგანო. სამართალდამცავმა ორგანოებმა არსებითად საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა