ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება

ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

როგორც ღარიბაშვილი თავის გზავნილში წერს, მას სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებულია, ბრძოლა დაიწყოს.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...“, - ნათქვამია წერილში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა