მაღალჩინოსანი „ქოცების“ რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს ეხმაურება.
როგორც ლემონჯავა წერს, ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება.
„არ გავტყდებით ჩვენ, გატყდება რეჟიმი!
ჭამენ ერთმანეთს და ამის მიზეზი კრიზისია, კრიზისი აქვთ შიგნით.
მაღალჩინოსანი „ქოცების“ რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს.
ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება“, - წერს გიგა ლემონჯავა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვაა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს“, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.
შეგახსენებთ, მანამდე, 17 აგვისტოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.