სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-სთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების ხანგრძლივობა ექვსი დღით შემცირდება.
სეულმა განაცხადა, რომ „ულჩის თავისუფლების ფარის“ წლევანდელი წვრთნების „პერიოდი და მასშტაბი“ ამერიკული მხარისგან მიღებული წინადადების გამო შეიცვალა. მათივე განმარტებით, ნაწილობრივ შემცირდება ერთობლივი საველე მომზადების კომპონენტის მასშტაბიც, თუმცა ამ შემცირების კონკრეტულ დეტალებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კერძოდ, წვრთნები, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყო, 27 აგვისტოს ნაცვლად 21-ში დასრულდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ გახდა.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ დიდი ხნის წინ შეერთებული შტატები დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას“, - დაწერა ტრამპმა. ამასთან, მისი თქმით, წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება, არამედ სრულიად შეუფერებელი და მტრული სიგნალია ჩრდილოეთ კორეისთვის.
„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს. ამიტომ, და იმის გათვალისწინებით, რომ მათი გაუქმება უკვე გვიანია, ომის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს, დავავალე, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა ირანის „დენუკლეარიზაციაში“ აშშ-სთან ერთად მონაწილეობაზე.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ერთობლივი წვრთნების - „ულჩის თავისუფლების ფარის“ - დაწყება დააანონსეს. მათი თქმით, 11-დღიანი ღონისძიება წინა წლების მსგავსი მასშტაბის იქნება და მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაგმო და მას „აგრესიული ომის რეპეტიცია“ უწოდა.