ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული - განვიცდი იმას, რაც მას დაემართა, რა მდგომარეობაშიც არის და რა მიზეზითაც ის ამ მდგომარეობაში ჩავარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკიმ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაზეც ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს, გამორიცხულია როგორც შინაარსობრივად, ასევე იმ პოლიტიკად გამომდინარე, რაც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს.
ვოლსკის თქმით, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა იმის თქმამ, თითქოს ღარიბაშვილის ოჯახის მიმართ რაღაც საშიშროება არსებობს.
ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.
„შეიძლება ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ან რაღაც ბინძურ პოლიტიკაში ჩაერთო, რაც არ მინდა რომ გავიაზრო. ასეა თუ ისე, როგორი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ლოგიკა არ იკითხება.
ყველაზე შემაძრწუნებელი და შემაწუხებელია ის, რომ თითქოს მის ოჯახს შეიძლება რაიმე ან ვინმე დაემუქროს იმ პირობებში, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეიქმნა. ოჯახზე დამუქრება, ეს პირდაპირ არის დისკრედიტაციის მცდელობა.
გარდა ამისა, აბსოლუტურად არანაირ ლოგიკაში არ ჯდება იმაზე საუბარი, რომ რაღაცა დანაშაული აღიარე და მაინც ხუთ წელს დაგიტოვებთ. რაც მთავარია, რა ასეთი კამპანია აწარმოვეს ვინმე დიტო ჩუბინიძემ და ირმა ინაშვილმა, რომლებიც თვითონვე ამბობენ, რომ არანაირი კამპანია არ უწარმოებიათ, რომ ხუთ წელიწადში ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლამ პოლიტიკურ სივრცეში უშველებელი, რაღაც ტექტონიკური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.
თავიდან ითქვა, რომ წერილი ადვოკატმა შეუგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ წერილი მას არ შეუტანია. ახლა მამუკა მდინარაძეს მიადგნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდება მოხსნა. გამორიცხულია, რომ მამუკა მდინარაძემ რაღაცა წერილი აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნებით გაუგზავნა. გამორიცხულია - ასეთი რამ არ არსებობს არც სამართლებრივად, არც ლოგიკურად, არც პოლიტიკურად, რათა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთ წელიწადში პოლიტიკაში მოსვლაზე პრეტენზია არ განაცხადოს. წარმოუდგენელი რამეა შეთავაზება იმისა, რომ რაღაც გარანტია რომ გვქონდეს, საკუთარ თავზე რაღაც დანაშაული აიღე, რომელიც არ ჩაგიდენია, ჩვენ სპექტაკლს დავდგამთ და ეს ყველაფერი მამუკა მდინარაძემ დაწერა და ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. ასეთი გარიგებები არ არსებობს!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.