ჩვენ სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები, ეს უნდა გავარჩიოთ - ასე უპასუხა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონის“ გამო აჟიოტაჟის შექმნისთვის ოპოზიციური პარტიებისა და NGO-ების წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდის აუცილებლობას ეხებოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა მათი მხრიდან ბოდიშის მომხდელი არავინაა“.
„მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ყველას ბოდიში აქვთ მოსახდელი. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ასეთი ცრუ ლეგენდების ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სტეიტის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ - ჩვენ სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები. ეს უნდა გავარჩიოთ. თუკი ამას გავარჩევთ, უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და რეალობის აღქმაც მეტად უზრუნველყოფილი იქნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აუცილებელია აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადონ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეს“.