პენიტენციური სამსახური - დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდადებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს - ნანა სანდერმა აგვისტოში მისთვის განსაზღვრული ლიმიტი სრულად ამოწურა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანდერი განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში, ამ ნაწილის პატიმრებისთვის კი სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში 75 წუთს შეადგენს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდადებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

მსჯავრდადებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში.

პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდადებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს.

მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდადებულმა დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა