სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა მისი მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, განახორციელა გარყვნილი ქმედება.
ბრალდებულმა ასევე, 2021 წლის თებერვლის თვეში და 2023 წლის ოქტომბრის თვეში ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელა მისი სტუდიის ორი სხვა მოსწავლის მიმართ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" და „ზ" ქვეპუნქტებით და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.