ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026

თავდასხმა თუ თავდაცვა - რას ემსახურება ღარიბაშვილის წერილი სინამდვილეში და რა დგას მის უკან

კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება - ირანი ევროპაში ამერიკულ ბაზებზე იერიშის სცენარებს განიხილავს

“ვაილდბერიზის” კრიზისი და პუტინის გადარჩენის გეგმა - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი რუსეთის ეკონომიკაზე

* * *

თავდასხმა თუ თავდაცვა - რას ემსახურება ღარიბაშვილის წერილი სინამდვილეში და რა დგას მის უკან

“ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია, მმართველი გუნდი ღარიბაშვილის წერილს, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს და აღნიშნავენ, რომ წერილები ბევრ ეჭვს ბადებს, ოპოზიციონერები კი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების ნიშნებს ეძებენ. ღარიბაშვილმა ერთი დღის შუალედით, ორი წერილი გამოაქვეყნა, პირველში საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხიმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებდა, მეორეში კი განაცხადა, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის “გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”, სანაცვლოდ მიიღო “დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თავდასხმა თუ თავდაცვა - რას ემსახურება ღარიბაშვილის წერილი სინამდვილეში და რა დგას მის უკან.

“ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო “წითელი ხაზი” და ბრძოლის დაწყება დაანონსა. ამ წერილს მალევე მოჰყვა პასუხი რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურისგან - “სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა”. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული... ~ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს”, - აღნიშნა ვოლსკიმ. დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ კი განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების ეტაპზეა გადასული და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში კორუფციული დანაშაული თვითონვე აღიარა, ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დაეკისრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში... ხან ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე საუბრობს, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე - თვითონვე ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა. საერთოდ, ეს წერილი რა არის და ხომ არ ჰგავს ეს წერილი მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც თავისი პრე-ისტორია ჰქონდა და როგორც გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”, - განაცხადა გორდულაძემ. ხოლო ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილს ახლა მხოლოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც წარსული საქმეების გათვალისწინებით, “სრულიად გასაგებია”, - განაგრძობს გამოცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო კორუმპირებული, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ამას ჩვენ ვიძახდით და სხვები უარყოფდნენ. ძალიან უცნაურია ამ კითხვის ჩვენთვის შემობრუნება, ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მასალებს საჯარო ორგანოებსაც კი ვაწვდიდით. რაც შეეხება შიდა კლანურ ბრძოლას, ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს. ეს არის მისი შიშის საბაბი და არა მისი კორუმპირებულობის ან სხვა სამართლებრივი საქმეებისა. უბრალოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა”, - აქვა ირაკლი ფავლენიშვილმა. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გიგა ლემონჯავა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება. “ჭამენ ერთმანეთს და ამის მიზეზი კრიზისია, კრიზისი აქვთ შიგნით. მაღალჩინოსანი “ქოცების” რაოდენობა ციხეში გაიზრდება... ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება”, - წერს ლემონჯავა, რომლის აზრით, “რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს”, - დასძენს გამოცემა.

კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება - ირანი ევროპაში ამერიკულ ბაზებზე იერიშის სცენარებს განიხილავს

“აშშ-თან 60-დღიანი შეთანხმების ამოწურვის შემდეგ, ირანი კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებასა და ევროპაში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანას განიხილავს - ჩაშლილი დიპლომატიური არხებისა და თეირანში რადიკალური ფრთის დაწინაურების ფონზე, მხარეები “არც ომი, არც მშვიდობის” სახიფათო რეჟიმში გადავიდნენ, სადაც ესკალაციამ შესაძლოა კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე გადაიტანოს. “ირანი ევროპაში სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას მოახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია “ფაინენშალ თაიმსმა” ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროების ცნობით, ირანულმა მხარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ამერიკული აქტივების საპასუხო სამიზნედ ქცევის სცენარები შეაფასა. მათ შორის მოხვდა ბულგარეთიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება - ირანი ევროპაში ამერიკულ ბაზებზე იერიშის სცენარებს განიხილავს.

“ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონის მხრიდან იერიშების განახლების შემთხვევაში, შურისძიების პოტენციურ სამიზნედ კვიპროსიც მოიაზრებოდა, სადაც მარტში ბრიტანულ ბაზას უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა. ამავე ანგარიშის თანახმად, ომის გაღრმავების სცენარში, ირანის შეიარაღებულ ძალებს ცალკე ჰქონდათ დამუშავებული ორმუზის სრუტეში არსებულ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანის გეგმაც. წყარო აცხადებს, რომ თეირანი საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებისთვის ემზადებოდა, თუ ტრამპი ირანულ ინფრასტრუქტურაზე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მეორე წყაროს მტკიცებით კი, ამერიკულ სამხედრო აგრესიას თეირანი “ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე” უპასუხებდა”. წყაროებმა გასულ თვეს იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული იერიში, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, თეირანის მიერ შესრულებულ ყველაზე ზუსტ შორ მანძილზე დარტყმად შეაფასეს, რაც მის გაზრდილ ოპერატიულ შესაძლებლობებზე მიუთითებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ევროპისთვის გაგზავნილი სიგნალიც იყო: რაკეტებმა შესაძლოა მათთანაც მიაღწიოს, შესაბამისად, მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ საკუთარი პოზიცია ამ ომში. ისეთმა კრიტიკულმა შეცდომამ, როგორიცაა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, შესაძლოა კონფლიქტი რეგიონის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს და ევროპასაც მისწვდეს”, განაცხადა პირველმა წყარომ. ოფიციალურ თეირანს აღნიშნული ცნობები საჯაროდ არ დაუდასტურებია. სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებით სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ამერიკულ ობიექტებზე წვდომა ნამდვილად შეუძლია, თუმცა, ამ შეიარაღების სიზუსტესა და თეირანის შორი რადიუსის რაკეტების მარაგებს ეჭვქვეშ აყენებენ. თეირანში უსაფრთხოებისა და სამხედრო მაღალ პოსტებზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელთა დაწინაურებამ მოსალოდნელი კონფლიქტის განახლების მოლოდინები კიდევ უფრო გააღრმავა. თეირანის მთავარ მომლაპარაკებელზე, მოჰამად ბაღერ ღალიბაფსა და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ კოორდინატორზე, მოჰსენ რეზაიზე საუბრისას, წყარომ აღნიშნა: ირანი “მკაფიო სიგნალს აგზავნის - თუ ღალიბაფთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ, საქმის დაჭერა რეზაისთან მოგიწევთ”, - დასძენს გამოცემა.

“ამავდროულად, ორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკება შეჩერებულია, ტრამპმა კი განაცხადა, რომ თეირანთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ივნისის აშშ-ირანის მემორანდუმით განსაზღვრული 60-დღიანი ვადის ამოწურვისა და საბოლოო შეთანხმების არარსებობის ფონზე, ვაშინგტონი არჩევნის წინაშე დგას: გააძლიეროს ზეწოლა, განაახლოს მასშტაბური დარტყმები თუ გადავიდეს ხანგრძლივ და არასტაბილურ მოლოდინის რეჟიმზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანთან “არანაირი მოლაპარაკება თუ დიალოგი არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია”, ხოლო აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “სემაფორთან” განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი ფაქტობრივად, უახლოესი მომავლისთვის ირანთან მოლაპარაკებების გაუქმებას ნიშნავდა. ეს გზავნილი, როგორც ჩანს, წინააღმდეგობაშია ჯარედ კუშნერის განცხადებასთან, რომელმაც სულ რაღაც ერთი დღით ადრე ირანის მთავრობის სხვადასხვა ფრთასთან კონტაქტები შეაფასა, როგორც უჩვეულოდ “აქტიური” და საუბრობდა “ძალიან პოზიტიურ და ინტენსიურ დიალოგზე”, - წერს სტატიის ავტორი.

“პარალელურად, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ტრამპის ნათქვამი რომ ამერიკელი ოფიციალური პირები “გუშაგთა კორპუსის” წარმომადგენლებთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავდნენ, უარყო. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კიდევ უფრო ამძაფრებს მთავარ გაურკვევლობას, ანალიტიკოსებთან და ყოფილ ოფიციალურ პირთან ინტერვიუები მოწმობს, რომ 60-დღიანი პერიოდის დასრულება ვაშინგტონს აუცილებლად ორი უკიდურესობის წინაშე არ აყენებს, საუბარია, ახალი მასშტაბური შეტევის წამოწყებასა და პოზიციების სრულად დათმობას შორის.იკვეთება მესამე სცენარიც: ხანგრძლივი და უკიდურესად არასტაბილური მოლოდინის რეჟიმი, რომლის დროსაც ვაშინგტონი გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას, შეინარჩუნებს ბლოკადას და თავიდან აირიდებს კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე არსებულ ინტენსიურ სამხედრო კამპანიას, თუმცა, ამავდროულად, დარტყმების განახლების შესაძლებლობას იტოვებს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ კრეიგი მიიჩნევს, რომ სამხედრო და საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა დონალდ ტრამპი დაარწმუნეს: შემდგომი მასშტაბური სამხედრო მოქმედებები კონფლიქტს, განსაკუთრებით კი ბირთვულ საკითხს, აუცილებლად ვერ გადაჭრის. “ასე რომ, არანაირი მშვიდობა - არც მაღალი ინტენსივობის თავდასხმები და საბრძოლო მოქმედებებია, თუმცა არც შეთანხმება არსებობს და, რაც მთავარია, არც შეთანხმების მიღწევის პროცესი მიმდინარეობს”, აღნიშნა კრეიგმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ზედაპირზე ჩანს, შესაძლოა რეალობის მხოლოდ ნაწილი იყოს... “ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ილან ბერმანიც მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია შესაძლოა 60-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც დიდხანს შენარჩუნდეს. “ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია”, -აღნიშნა ბერმანმა, “თუმცა საბოლოო ჯამში, დრო ვაშინგტონზე მუშაობს და არა თეირანზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ვაილდბერიზის” კრიზისი და პუტინის გადარჩენის გეგმა - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი რუსეთის ეკონომიკაზე

“პუტინი “ვაილდბერიზის” დაზიანებული საწყობების აღდგენაში სახელმწიფოს ჩართვას გეგმავს, - რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით. ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს, რომ უკრაინულმა დრონებმა მიაღწიეს ახალ სტრატეგიულ მიზანს - დაარღვიეს რუსეთის შიდა ლოგისტიკური სისტემა და მიაყენეს ისეთი მასშტაბის ფინანსური ზარალი, რომლის დაძლევაც კერძო ბიზნესსა და სადაზღვევო სექტორს საბაზრო მექანიზმებით უკვე აღარ შეუძლია. უკრაინის იერიშებმა რუსეთის “ვაილდბერიზის” 20-ზე მეტ ლოგისტიკურ ცენტრსა და საწყობზე, მილიარდობით დოლარის ზარალი, მიწოდების ჯაჭვების პარალიზება და 100 მილიარდამდე რუბლის პირდაპირი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ვაილდბერიზის” კრიზისი და პუტინის გადარჩენის გეგმა - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი რუსეთის ეკონომიკაზე.

“ეს წარმოადგენს კიევის ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანიც ომის მძიმე რეალობის უშუალოდ რუსული საზოგადოების ყოველდღიურობაში გადატანა, შიდა უკმაყოფილების გაღვივება და მსხვილ საბანკო სექტორზე დომინოს ეფექტით ფინანსური წნეხის გაზრდაა. სამხედრო და ეკონომიკური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები არ სარგებლობენ ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვით, როგორც სამხედრო ბაზები, რის გამოც „ვაილდბერიზის" სასაწყობო ფართობების დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე განადგურებამ დარტყმა მიაყენა ასობით ათას მცირე და საშუალო მეწარმეს, რომელთაც პროდუქცია დაეწვათ, ხოლო აღდგენით პროცესებში სახელმწიფოს ჩართვას, ადასტურებს, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა და ბაზარი დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება უკრაინული იერიშებით მიყენებულ მზარდ ზარალს. პარალელურად სერიოზული დეფიციტია რუსეთში საწვავზეც - კრიზისი ახალ მასშტაბებს აღწევს. შეზღუდვები უკვე 53 რეგიონში მოქმედებს, ხოლო ანალიტიკოსები ვითარებას უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ზუსტ დარტყმებს უკავშირებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საწვავის გაყიდვაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები უკვე რუსეთის, სულ მცირე, 53 რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს. ექსპერტთა შეფასებით, მცირე ბენზინგასამართი სადგურები პირველები ზარალდებიან, რადგან მათ საკუთარი წარმოების ობიექტები არ გააჩნიათ. თუმცა პრობლემები ასევე შეეხო მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აქვთ. მაგალითად, კრასნოდარში “გაზპრომნეფტს” ბენზინი გაუთავდა, - წერს ადგილობრივი ბლოგერი იური ბარანჩიკი. მიზეზებზე საბრისას, საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრი “მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას” ასახელებს. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში პირველად დაფიქსირდა ნავთობის მოპოვების შემცირება, ვლადიმირ პუტინმა კი აღიარა, რომ ქვეყანას უფრო ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები სიახლე არ არის. თუმცა, ღია წყაროებისა და დარგის ანალიტიკოსების შეფასებით, იერიშების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე გაიზარდა წინასწარ, მიზანმიმართულად შერჩეული სამიზნეების რაოდენობა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა რუსეთში საწვავის კრიზისის შესახებ დასმული კითხვების პასუხად განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება შემცირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ჩატარებული “არაგეგმური ტექნიკური მომსახურების” გამო... მოგვიანებით რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც მეტი სიცხადე შეიტანა საკითხში. “საწვავისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგის გახშირებული საჰაერო თავდასხმების წინაშე, რამაც საწვავის მიწოდებაში დროებითი შეფერხებები გამოიწვია”, - ნათქვამია განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა