პირველად ისტორიაში, აშშ-ის სახელმწიფო ვალის მაჩვენებელმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო ვალის მთლიანი მაჩვენებელი კერძო მფლობელობაში არსებულ 32.266 ტრილიონის ღირებულების ფასიან ქაღალდებს და 7.78 ტრილიონი დოლარის ოდენობის უწყებათაშორის ვალს მოიცავს.
Reuters-ის ინფორმაციით, 10 წელზე ნაკლებ დროში აშშ-ის სახელმწიფო ვალი გაორმაგდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში ვალი 19.95 ტრილიონი დოლარი იყო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 4-წლიანი მმართველობის დროს ვალი 8.4 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რომლის დიდი ნაწილის დაგროვება „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ხარჯებმა და ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა გამოიწვია.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში სახელმწიფო ვალი 7.8 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რომლის ნახევარიც პრეზიდენტობის ვადის ბოლო ცხრა თვეში, „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირებისას დაგროვდა. დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ სახელმწიფო ვალი 3.8 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.