გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი - შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ "პოსტი" უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე - უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.

კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის "ფეისბუქის" ანგარიშზე "პოსტი" უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე. ადვოკატი შსს-ს განცხადებას "უდიდეს ტყუილს" უწოდებს.

„შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.

აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობას, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ, ჩემს დისკრედიტაციას.

შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!“, - წერს კაკაბაძე.

მოგვიანებით კაკაბაძემ გაავრცელა მიმოწერის ე.წ. სქრინები და სამართალდამცველებს „ფეისბუქ“-პროფილ „ნასვამი ჩოჩორის“ უკან მდგარი პირის სასწრაფოდ დადგენისკენ მოუწოდა. კაკაბაძის თქმით, აღნიშნული ანგარიშიდან მას კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ყალბ გვერდსა და ოსურენოვან პოსტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც, მისივე შეფასებით, ადვოკატის მიზანმიმართულ „გაშავებას“ ისახავდა მიზნად.

„მოგიყვებით სიმართლეს:

2026 წლის 16 ავისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა "ფეისბუქ" პროფილით "ნასვამი ჩოჩორი". მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.

ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ „ფეიკ“ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე, შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი "დედა ცოცხალი ვარ" - დადებულია კახა გელაშვილის მიერ.

ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 - საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. „ფეიკიდან“ შემოსულ მესიჯს, სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი".

როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს.

ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!

სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორი"-ს უკან!!!“, - წერს კაკაბაძე.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა