ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული იერიშის შედეგად „ჰამასის“ ტერორისტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ოთხშაბათს, ნუსეირათში განხორციელებული დარტყმის შედეგად სობჰი სამი მაჰმუდ შაჰთოთის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ოცეულის მეთაური იყო.
ისრაელის არმიის განცხადებით, შაჰთოთი ისრაელის ტერიტორიაზე 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიჭრა და უშუალოდ მონაწილეობდა მძევლების დაკავებასა და მეთვალყურეობაში. გარდა ამისა, ის 2023 წლის ნოემბერში მძევლების გადაცემის პროცესშიც ფიგურირებდა.
ცეცხლის შეწყვეტის ფონზე განხორციელებულ იერიშს ისრაელის მხარე იმით ამართლებს, რომ ტერორისტი სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ახალ თავდასხმებს გეგმავდა. IDF-ის განცხადებით, მისი ლიკვიდაცია რეალური საფრთხის აცილების მიზნით განხორციელდა.