ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვრცელდება არაერთი ცრუ ფაქტი თუ შეურაცხმყოფელი მოსაზრება ეთიკის კომისიის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მიმართ.
„საზოგადოების საყურადღებოდ ეთიკის კომისია განმარტავს, რომ ეთიკის კომისია, როგორც თვითრეგულირებადი ორგანო ახორციელებს სახელმწიფოსგან კანონის საფუძველზე დელეგირებულ საქმიანობას ადვოკატის პროფესიის დასაცავად და არის ერთადერთი ორგანო საქართველოში, რომლის კანონისმიერი ვალდებულებაა განიხილოს და შეაფასოს ადვოკატის ქცევის ეთიკურობა. ეთიკის კომისია არის დამოუკიდებელი და ყველა საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკური სტანდარტების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეთიკის კომისია არის კოლეგიური ორგანო და ყველა საქმეზე მსჯელობს რამდენიმე წევრის მიერ აზრთა შეჯერებით. კომისია ეწევა არაანაზღაურებად საქმიანობას - თითოეული წევრი პროფესიას უსასყიდლოდ ემსახურება.
ადვოკატთა დისციპლინურ წარმოებაზე ვრცელდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მხარეებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დისციპლინური წარმოებით. საზოგადოების მიმართ არსებული ანგარიშვალდებულების ნაწილია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯარობა. კანონიერ ძალაში შესული ყველა გადაწყვეტილება განთავსებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საიტზე.
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები დამატებით ექცევა სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ, როდესაც მოპასუხე ადვოკატს ეკისრება სახდელი. სპეციალიზირებული პალატა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არსებითად, ზეპირი მოსმენით იხილავს და დეტალურად იკვლევს ყველა საქმეს, რაც ადვოკატთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სტატისტიკით 2015-2026 წლების განმავლობაში გასაჩივრებული 42 საქმიდან არ გაუქმებულა არცერთი გადაწყვეტილება და ყველა საქმეში გაიზიარა ეთიკის კომისიის სამართლებრივი დასაბუთება.
მოვუწოდებთ საზოგადოებას არ შევიდნენ შეცდომაში და არ გაავრცელონ დამატებით არასწორი, კრიტიკის ფარგლებს გაცდენილი მოსაზრებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.