ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ თავს იზიანებს და მნიშვნელოვანია, რომ მეტი გონიერება გამოიჩინოს ასეთი განცხადებების დროს, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანოს.
„ვინ უნდა დაემუქროს და რატომ?! თუ რეალურად განხორციელდა რაიმე სახის უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავი უწყებების გამოძიების საკითხია, მაგრამ ამ მოცემულობით, მას აქვს განსაზღვრული კონკრეტული სასჯელი. ის არის მსჯავრდადებული მძიმე დანაშაულთან მიმართებით და შესაბამისად, ამ საკითხში კითხვები არ არსებობს. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თუ კონკრეტულ შანტაჟზე, მუქარაზე და რაიმე სახის უკანონო ქმედებაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავი ორგანოს გამოძიების საკითხია. რეალურად, აქ ჩვენ საქმე გვაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებთან და იმ დამაზიანებელ განცხადებებთან, რითაც ის საკუთარ თავს იზიანებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მეტი გონიერება გამოიჩინოს ასეთი განცხადებების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ის ზიანი, რაც მას და მის რეპუტაციას მიადგა, კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანოს,“ - განაცხადა გაბუნიამ.