საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვლევა ბიზნესსექტორში AI-ის გამოყენებაზე - გამოკითხულთა 62% AI ინსტრუმენტებს საკუთარ საქმიანობაში იყენებს, ძირითადი მიმართულებებია კონტენტის შექმნა, მარკეტინგი და ინფორმაციის მოძიება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესსექტორში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების არსებული მდგომარეობის, მეწარმეთა ცოდნის დონის, გამოყენების მიმართულებების, ძირითადი გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის განმარტებით, კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნესსექტორში AI ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბის განსაზღვრა, მათი გამოყენების ძირითადი მიმართულებების იდენტიფიცირება და იმ მხარდაჭერის ფორმების შესწავლა, რომლებიც მეწარმეებს AI-ის შესაძლებლობების ათვისებისა და ბიზნესსაქმიანობაში ინტეგრაციისთვის ესაჭიროებათ.

„AI-ის გამოყენება და ცოდნის დონე: კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 62% AI ინსტრუმენტებს საკუთარ საქმიანობაში იყენებს. AI-ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია კონტენტის შექმნა, მარკეტინგი და ინფორმაციის მოძიება.

AI-ის შესახებ ცოდნის თვითშეფასების მიხედვით, გამოკითხულთა 45% საკუთარ ცოდნას საბაზისო დონეზე აფასებს, 27% - საშუალო დონეზე, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ AI-ის მიმართულებით მოწინავე ან ექსპერტული ცოდნა აქვს.

AI-ის გამოყენების ძირითადი ბარიერები:

კვლევის მიხედვით, AI-ის გამოყენებისა და დანერგვის მთავარ ბარიერად ცოდნის ნაკლებობას გამოკითხულთა 72% ასახელებს. ასევე დასახელდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფინანსური რესურსების შეზღუდულობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

საჭირო მხარდაჭერის ფორმები:

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 78% სპეციალიზებული ტრენინგების საჭიროებას ასახელებს, ხოლო 51% კონსულტაციებისა და მენტორინგის მიღებით არის დაინტერესებული.

ასევე გამოიკვეთა მოთხოვნა ფინანსურ მხარდაჭერასა და შესაბამისი AI ინსტრუმენტების შერჩევასთან დაკავშირებულ დახმარებაზე.

AI-ის მნიშვნელობისა და სამომავლო გავლენის შეფასება:

გამოკითხულთა 72% AI ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს.

ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ მომდევნო 1–2 წლის განმავლობაში AI მათი სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტ ფაქტორად ან/და აუცილებელ ინსტრუმენტად იქცევა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორში AI-ის გამოყენება უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მისი გამოყენების დონე და მიმართულებები განსხვავებულია. მონაცემების მიხედვით, AI-ის ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ცოდნისა და შესაბამისი პრაქტიკული უნარების ნაკლებობა რჩება.

კვლევის შედეგებისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად გეგმავს და ახორციელებს შესაბამის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მხარდამჭერ ღონისძიებებს AI მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა