გიორგი შარაშიძე - ღარიბაშვილისგან სიახლე არაფერი ყოფილა გარდა იმისა, რომ ცდილობს, ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგული და საუკეთესო მომსახურე პერსონალია მომსახურე პერსონალს შორის - ეს კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა

ველოდით, რომ რაიმე განსაკუთრებულს მოვისმენდით ღარიბაშვილისგან, მაგრამ სიახლე გარდა იმისა, რომ ის ცდილობს ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგულია და საუკეთესო მომსახურე პერსონალია მომსახურე პერსონალს შორის, არაფერი ყოფილა,- ასე აფასებს „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ თავისი ხელით არსებული ინფორმაცია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სასიკეთოდ შესაცვლელად გამოეყენებინა, ერთადერთი, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეთებს, საკუთარი თავის დაცვა და ბიძინა ივანიშვილისთვის დამტკიცებაა, რომ „ბევრად უკეთესი მომსახურე პერსონალია, ვიდრე კობახიძე და მდინარაძე არიან“.

„ეს კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაწინაურდა კობახიძე-მდინარაძის კლანი ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანზე. ის, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ეჭვი არ გვეპარება და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ თავად „ოცნებაა“ კორუმპირებული და სწორედ „ოცნების“ კისერზეა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა. არანაირი მორალური უფლება არ აქვს კობახიძეს, ისაუბროს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ვიდრე მისი მფარველობის ქვეშ და მისი კლანის წევრი იქნება კახა კალაძე, რომლის მიმართაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტი კითხვა აქვს კორუფციასთან დაკავშირებით. კალაძის ქონებითა და კორუფციული გარიგებებით რატომ არ ინტერესდება კობახიძე? ინფორმაცია არ აქვს თუ კითხვები არ აქვს? ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კორუფციული ინტერესების გადანაწილებისთვის, ძალაუფლებისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის ბრძოლაა. ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება. „მეფის კარზე“ მოხდა ერთი კლანის ჩანაცვლება მეორე კლანით და კლანური მმართველობა დღესაც გრძელდება.

მთელი „ოცნება“ კორუმპირებულია და კორუფციაშია ჩართული. არაერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი აგრძელებს ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფას და ამით ჩვენი ქვეყნის ღალატს. კორუფცია არის ღალატი“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველმა პარტიამ მას ბინძური პროვოკაცია მოუწყო.

„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს…

ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით. თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა