ევროპული ქვეყნების მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობები, ასევე ოფიციალური თბილისის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობები, კარგს არაფერს არ გამოიწვევს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვსურს გავაფრთხილოთ ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, რომლებიც საქართველოში დესტრუქციულ ხაზს უჭერენ მხარს. ევროკავშირის მცდელობები, გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და თბილისი ნატო-ში ჩაითრიოს, კარგ შედეგს არ მოიტანს”, - აღნიშნა ნებეზნიამ.
მისი თქმით, „საქართველოს ამჟამინდელ პრაგმატულ ხელმძღვანელობას ეს კარგად ესმის“.
ნებეზნიას მტკიცებით, რუსეთი რეგიონში „უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინტერესებით ხელმძღვანელობს და ამიტომ მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებს“.
„ასევე მზად ვართ, ხელი შევუწყოთ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათ რეგიონში დაგროვილი პრობლემები“, - აღნიშნა ნებეზნიამ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ცოტა ხნის წინ „შიდა პოლიტიკური სკანდალი“ ატყდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო.
„ამ კაცმა, რომელიც სააკაშვილის მოკავშირე იყო და ძნელად თუ ჩაითვლებოდა „მშვიდობის მტრედად“, ისაუბრა ქართული მხარის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ქართველებს „ტყვეები არ აჰყავდათ“, - აღნიშნა ნებეზნიამ.