კახა კალაძე - ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებაზე, სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია და ალბათ, მისი განცხადებები პრევენციული სახის იყო - ყოფილი პოლიტიკოსები ამ მეთოდს ხშირად იყენებენ და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, 2022 წელს ჩატარებულ 3 საიდუმლო შესყიდვას.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მმართველმა პარტიამ მას ბინძური პროვოკაცია მოუწყო.

„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს…

ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით. თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“,- დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა