ინფრასტრუქტურის მინისტრი - ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც - ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ

ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები მისცა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ და დღეს უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. მისივე ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები - დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში