გამანაწილებელი ქსელის გადაადგილების ან რეკონსტრუქციის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო არსებული ელექტროქსელი და პასუხისმგებელია მის საკუთრებაში არსებული ქსელის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციაზე. არსებული ელექტროქსელი დაპროექტებული და კონსტრუირებულია ისე, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ქსელის მდგრადობა, უსაფრთხოება და აბონენტებისთვის ხარისხიანი ელექტრომომარაგება. შესაბამისად, მისი ცალკეული ელემენტების გადაპროექტება, რეკონსტრუქცია ან გადაადგილება, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების ან სატრანსფორმატორო პუნქტების გადატანა, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქსელის საიმედოობასა და მდგრადობაზე.
ელექტროქსელის არსებული არქიტექტურა ეფუძნება შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებსა და ენერგოსისტემის სტაბილურობის პრინციპებს. შესაბამისად, ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება ვერ განისაზღვრება ცალკეული კერძო ან იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ მოერგება სხვადასხვა დეველოპერული პროექტის მოთხოვნებს, თუ ეს ენერგოსისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას ეწინააღმდეგება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ იმოქმედებს კონკრეტული ბიზნესისა და ინდივიდების მოთხოვნების შესაბამისად, თუ აღნიშნული მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის ენერგოსისტემის ოპტიმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებასთან“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.
მისი თქმით, ელექტროგადამცემ ხაზებზე ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. შესაბამისად, კომპანია მიმართავს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ არსებული ელექტროქსელის მდებარეობა და არ დაგეგმონ ისეთი პროექტები, რომლებიც მოქმედი ქსელის რეკონსტრუქციის ან გადაადგილების აუცილებლობას შექმნის და შედეგად შეასუსტებს ქსელის მდგრადობას ან დააზიანებს სხვა მომხმარებლების ინტერესებს.
კომპანია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა ისე დაგეგმონ და განავითარონ, რომ არ დაირღვეს საქართველოს მთავრობის №366 დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს ელექტრომოწყობილობების უსაფრთხო დაშორება და დაუშვებელი იყოს სამშენებლო სამუშაოების წარმოება ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ან ელექტროქსელის სხვა ელემენტებთან სახიფათო სიახლოვეს, რადგან ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ელექტროქსელის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას", - ნათქვამია განცხადებაში.