აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატი მის მიმართ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას, გივი გუდაძის ადვოკატი კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა და პროკურორის განცხადებით, მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურორ მარიამ ქორიძის თქმით, საუბარია ნარკოტიკულ დანაშაულზე და იმაზე, რომ ისინი აღნიშნულ საშუალებას მოიხმარენ. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი ფარულ ვიდეოჩანაწერზეც საუბრობს, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა.

ყაზარაშვილის თქმით, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა.

„არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მითუმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ, გაეფრთხილებინათ.

ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე.

კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი?

როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს?“- განაცხადა ყაზარაშვილმა.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა საბა ბოჭორიშვილის ადვოკატი გიორგი მეგრელიშვილი. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირობითი მსჯავრის ქვეშაა თუ არა და რომ ეს დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება. ადვოკატის თქმით, არანაირი რისკი მისი მხრიდან არ არსებობს, რომ გამოძიებას ან სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს.

რაც შეეხება გივი გუდაძის ადვოკატს, პროკურატურის შუამდგომლობას არც ის დაეთანხმა.

მისი თქმით, არაპოპულარულ რამეს ამბობს, მაგრამ „ადამიანს როგორც სიცოცხლის ასევე, სიკვდილის უფლება აქვს“. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულ ქალს ნარკოტიკი მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კი გადასცა, მაგრამ „გარდაცვლილმა გადაწყვიტა რა დოზას მიიღებდა“.

პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ბრალდებულებს მიმართა კითხვით.

„როდესაც ეს ნარკოტიკული საშუალება მიიღეთ და ცუდად გახდით, რატომ არ მოიკითხეთ ის ადამიანები?" - მიმართა ყაზარაშვილმა ბრალდებულებს, თუმცა, მათ პასუხი არ გაუციათ.

სხდომის დაწყებამდე გივი გუდაძის ადვოკატმა პროცესის ნაწილობრივ, მასმედიისთვის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის გაშუქება არა საზოგადოებრივი ინტერესის, არამედ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება.

რაც შეეხება, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატს, მან პოზიცია არ დააფიქსირა აღნიშნულთან და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოს მიანდობდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, პირიქით, ამ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია, შესაბამისად, საზოგადოება უნდა იყოს ჩართული და მათ შორის, ჟურნალისტების მხრიდანაც მათ ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ.

„ეს საქმე უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებმა ინფორმაცია გარეთ უნდა გაიტანონ",- განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოვებული.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს - ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება