“სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნები” - ლაიფციგის ინციდენტი ევროპას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ უბიძგებს
დენის კულანინის საქმე - უფლებადამცველების მოთხოვნა და საფრთხეები რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში
მოსკოვის ულტიმატუმი და “წითელი ხაზი” ერევანს - პუტინი ფაშინიანს გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანით “დაემუქრა”
* * *
“სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნები” - ლაიფციგის ინციდენტი ევროპას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ უბიძგებს
“გერმანიაში მომხდარი ინციდენტისა და რუსული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას ამკაცრებს. ირლანდიაში შეკრებილი დიპლომატები ახალ სანქციებს, უკრაინის ცის ჩაკეტვასა და რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას განიხილავენ. ლაიფციგში განხორციელებული თავდასხმის მცდელობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა. მან დასძინა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ესკალაციის ფონზე, ევროპამ უნდა შეათანხმოს შემდგომი ნაბიჯები და განსაზღვროს, თუ რა დამატებითი ზომების მიღებაა შესაძლებელი. გერმანიის მთავრობის სამშაბათის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ თვეს დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნები” - ლაიფციგის ინციდენტი ევროპას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ უბიძგებს.
“ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600 სანქცირებულ სუბიექტზეაქტიურად მიმდინარეობს და „შესაძლოა, ამ სიას კიდევ ახალი ობიექტები დაემატოს”. შეხვედრაზე მიმავალმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ალიანსმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების დამატებითი გზები უნდა მოიძიოს. “მიმაჩნია, რომ ახლა რეალურად უნდა განვიხილოთ მაგიდაზე არსებული ყველა ოფცია სანქციების გამკაცრების კუთხით”, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროპელებმა არსებული შესაძლებლობები უნდა შეაფასონ და შესაბამისი პასუხი გაეცეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ოფიციალური მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის პოლიტიკურ ფასს ვერ აცნობიერებს, რის გამოც ეს მათთვის საზოგადოებაში დაძაბულობის შესაქმნელად იაფიანი ინსტრუმენტია”, - აღნიშნა ბუდრისმა და დასძინა, რომ “ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ: მსგავსი ქმედებები ვერც შეგვაშინებს და ვერც უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას შეაფერხებს”. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვატეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს კვირებში რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმუშავებს. “რუსეთზე ზეწოლა ძლიერდება, უკრაინის მხარდაჭერა კი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. სწორედ ამ ერთიანობას ვაჩვენებთ ამ ეტაპზე”, -აღნიშნა მან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელები ყოველდღიურ თავდასხმებს განიცდიან და კიევი აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ ქვეყნებთან, რომლებსაც მარაგში გადამჭერი რაკეტები გააჩნიათ. „ვიმედოვნებ, მივიღებთ დამატებით მტკიცე გადაწყვეტილებებს უკრაინის ცის დასახურად”, - განაცხადა მან”, - დასძენს გამოცემა.
“ლაიფციგის ინციდენტის შემდეგ, ევროპელმა მინისტრებმა ყურადღება რუსეთის ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს. “გაგვიმართლა, რომ არაფერი მოხდა, თუმცა ვხედავთ, რა მოხდა რუმინეთში და რა ხდება სხვა მრავალ ქვეყანაში”, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა შეხვედრაზე მისვლისას. “ვხედავთ, რომ რუსული მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნება არ არსებობს. ის ჩემი მეზობელი ქვეყანაა, შესაბამისად, საფრთხე სულ უფრო ახლოვდება” , -დასძინა მან. რუმინეთმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი საჰაერო სივრცის რუსული დრონებით მრავალჯერადი დარღვევისა და შავ ზღვაში, საკვანძო სავაჭრო და ენერგეტიკულ მარშრუტებზე, მოტივტივე ნაღმების შესახებ განაცხადა. გასულ კვირას ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა მოუწოდეს ევროკავშირ მოუწოდეს, განახლდეს დისკუსია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე - იდეა, რომელიც ოთხშაბათს ზოგიერთმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა”, - წერს სტატიია ავტორი.
“თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაუბრუნდება თუ არა ევროპა კვლავ სერიოზულად გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს. 2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაყინეს. ამ თანხიდან დაახლოებით 185 მილიარდი ევრო ბრიუსელში ბაზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარ “ეუროქლიარში” ინახება. გასულ წელს ევროკომისიამ უკრაინისთვის სესხის გასაცემად რუსული თანხების გამოყენების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ბელგიამ გეგმა უარყო იმ საბაბით, რომ ის საკმარის გარანტიებს, რომ ქვეყანას არ მოუწევდა მოსალოდნელ სასამართლო დავებსა და რუსეთის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან მარტო გამკლავება, არ იძლეოდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.
დენის კულანინის საქმე - უფლებადამცველების მოთხოვნა და საფრთხეები რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში
“დენის კულანინის საქმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უფლებადამცველები და ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Aმნესტყ Iნტერნატიონალ, საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდებენ, არ დაუშვას აქტივისტის რუსეთში დეპორტაცია, სადაც მას პოლიტიკური დევნა და წამება ემუქრება. საზოგადოება და ადვოკატები მისი მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში თავისუფლად გაშვებას ითხოვენ. “დენის კულანინი საჯაროდ დაუპირისპირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის - ორივე ქმედება რუსეთში დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტირება რუსეთში, სადაც ომის საწინააღმდეგო დისიდენტობის მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, ის შეიძლება თვითნებური დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დენის კულანინის საქმე - უფლებადამცველების მოთხოვნა და საფრთხეები რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში.
“ორგანიზაციის მტკიცებით, საქართველო ვალდებულია არგაძევების პრინციპი დაიცვას. “საქართველო ვალდებულია დაიცვას არგაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში”, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის დენის კულანინი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში პატიმრობაში იმყოფება. შსს-ში განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების საკითხი - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოქალაქეობის ადგილი თუ მესამე ქვეყანა სასამართლოს გარეშე არ წყდება. შესაბამისად, ისინი გაძევების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ და მან უნდა გადაწყვიტოს, სად წავა დენის კულანინი. შეწყალებულმა კულანინმა საემიგრაციო ციხიდან წერილი გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, 2025 წელს ხელი მისთვის უცნობ დოკუმენტს მოაწერა, რომელიც შეწყალების აქტი აღმოჩნდა. “როდესაც გავიაზრე, რომ ეს შეიწყალება იყო - უარი დავწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დააიგნორეს. მწყინს, რომ მე თავისუფლებაზე ვარ, ხოლო მშვენიერი ხალხი ციხეში ზის! ყოველ შემთხვევაში, ახლა რუსეთში ჩემს გაძევებას ცდილობენ, რაც არ უნდა მოხდეს... მესმის, როგორ ყვირის ხალხი ჩემს სახელს ციხესთან! მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით თქვენ - ქართული ოჯახი, რომელიც ჩემთანაა! გმადლობთ!”, - წერია წერილში. შსს-ში არ აზუსტებენ, როდის მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით განიხილონ შეწყალებული პირის ქვეყნიდან გაძევების საკითხს”, - განაგრძობს გამოცემა.
“კულანინის ადვოკატი და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტს მესამე ქვეყანაში წასასვლელად მზა ბილეთი და საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისი ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდა. მათი თქმით, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას პოლიტიკური მოტივით დევნა, წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ემუქრება. “ჩვენი პოზიცია იყო, რომ პირადი თავდებობით გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან ჩვენ პირველი სექტემბრის, ანუ დღეის მდგომარეობით, 12:40 წუთზე აღებული გვქონდა ბილეთი, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, რათა ის ნებაყოფლობით წასულიყო მესამე ქვეყანაში. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა და დატოვა პატიმრობაში”, - ამბობს ადვოკატი, ციალა რატიანი. მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან აქტივისტებმა და მოქალაქეებმა 1 სექტემბერს საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი კულანინის რუსეთში შესაძლო გაძევების დაუყოვნებლივ შეჩერებას და მისი უსაფრთხო მესამე ქვეყანაში გაშვების უზრუნველყოფას ითხოვენ”, - დასძენს გამოცემა.
მოსკოვის ულტიმატუმი და “წითელი ხაზი” ერევანს - პუტინი ფაშინიანს გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანით “დაემუქრა”
“რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ ფაქტობრივად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გამოცხადების ტოლფასია, რადგან ორივე ორგანიზაციის წევრობა შეუძლებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვის ულტიმატუმი და “წითელი ხაზი” ერევანს - პუტინი ფაშინიანს გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანით “დაემუქრა”.
“ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს. “სომხეთის ხელისუფლებამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. ყველაზე მარტივი ის არის, რომ ხალხს მიმართო და ჰკითხო: “რა გსურთ?” და სულ ესაა”, - აღნიშნა პუტინმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულმა შეხვედრამ და რუსი ლიდერის შემდგომმა განცხადებებმა ექსპერტებსა და ანალიტიკოსებში ფართო განხილვა გამოიწვია. ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის განცხადება გიუმრის ბაზის გაყვანისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ წარმოადგენს მკაფიო გზავნილს და მწვავე დილემის წინაშე აყენებს ერევანს. რუსეთი ღიად აფიქსირებს, რომ სომხეთის ევროპული მისწრაფებები შეუთავსებელია რუსეთის მიერ კონტროლირებად ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებთან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის პუტინის მხრიდან “წითელი ხაზების” გავლება - ერევანს არჩევანი ევროკავშირსა და რუსულ ბლოკს შორის მკაცრად და პირდაპირ დაუსვეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პუტინის მოთხოვნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ ჰკითხოს ხალხს და რეფერენდუმით ან სხვა გზით გადაწყვიტოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, ანალიტიკოსების აზრით, ორმაგი ხასიათისაა. ერთის მხრივ, მოსკოვი ცდილობს აიძულოს სომხეთის მთავრობა, ითამაშოს ღია წესებით და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ეკონომიკურ რისკებზე. მეორეს მხრივ, ანალიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია გამოიყენოს და ხელისუფლების წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური ზეწოლა გააძლიეროს. რაც შეეხება გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის “ხვალვე გაყვანის” პირობას, ექსპერტები მას პოლიტიკურ ბლეფად ან ირონიულ მანიპულაციად აფასებენ”, - დასძენს გამოცემა.