ირაკლი ფავლენიშვილი - ვნახეთ, ვინ არის სინამდვილეში ოთარ-რომანოვ ფარცხალაძე - ის არის რუსეთის გაცხადებული აგენტი, რომელზეც ამბობდნენ, რომ არგუმენტი არ იყო, როცა ამერიკიდან დაასანქცირეს

რუსული იმპერიისთვის კონკრეტული ბატალიონის ჩამომყალიბებელი ადამიანის მიერ შეკერილი საქმეებით ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ეს კარგად მიუთითებს, თუ როგორი რუსული არის სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომელმაც ისაუბრა რუსეთის სასარგებლოდ რუსეთ-უკრაინის ომში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წასვლაზე.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ყველამ კარგად იხილა, სინამდვილეში, ვინ არის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

„ყველასთვის ცხადია, რომ ბატონი ოთარ ფარცხალაძე არის ოფიციალური, გაცხადებული რუსეთის აგენტი, რომელზედაც თითქოს საუბრობდნენ, რომ ეს ადამიანი იყო ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და თურმე არგუმენტი არ არსებობდა, როდესაც ამერიკიდან მისი სანქცირება ხდებოდა, როგორც რუსეთის აგენტის. თუმცა, ყველამ კარგად ვიხილეთ, სინამდვილეში, ვინ არის და რას წარმოადგენს ეს კაცი, რომელმაც საქმეები „შეკერა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სწორედაც რომ ოფიციალური აგენტის, რუსული იმპერიისთვის კონკრეტული ბატალიონის ჩამომყალიბებელი ადამიანის მიერ შეკერილი საქმეებით ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ეს კარგად მიუთითებს, თუ როგორი რუსული არის სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმი და თუ რამდენად მჭიდროდ არის ის დაკავშირებული რუსულ იმპერიასთან“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“. ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

„დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ფარცხალაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა