ჩემი გადასახედიდან, დამნაშავეებზე მეტად საცოდავები, დღეს ადვოკატები იყვნენ ამ სასამართლო პროცესზე. არაერთგზის მოუწოდა მოსამართლემ, რომ შეჩერებულიყვნენ და არ შეჩერდნენ. რამდენჯერმე დასჭირდა მოსამართლეს ერთი და იმავე მოწოდების გამეორება, რომ გაჩერებულიყვნენ. გიორგი რიკაძის ყოფილმა ადვოკატმა [ირაკლი სულაბერიძის ადვოკატმა] ამიკრძალა საუბარი - აღარ გვინდა ამის მოსმენაო, - ამის შესახებ სასამართლო პროცესიდან გამოსულმა, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომელმაც დღევანდელ პროცესზე, დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენება მისცა.
მისი თქმით, თუ ადვოკატებს არ სურდათ მისი მოსმენა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ ცნეს მათ ეკა კუპატაძის ჩვენება უდავოდ.
„ჩემი გადასახედიდან, დამნაშავეებზე მეტად საცოდავები დღეს ადვოკატები იყვნენ ამ სასამართლო პროცესზე. არაერთგზის მოუწოდა მოსამართლემ, რომ შეჩერებულიყვნენ და არ შეჩერდნენ. რამდენჯერმე დასჭირდა მოსამართლეს ერთი და იგივე მოწოდების გამეორება, რომ გაჩერებულიყვნენ. გიორგი რიკაძის ყოფილმა ადვოკატმა ამიკრძალა საუბარი - აღარ გვინდა ამის მოსმენაო. ბოლოს იცით რითი დაასრულა? გარკვეული რომ ვიყოთო, დაცვის მხარეს არ მოუთხოვია ამ მოწმის აქ მოყვანაო. თუ დაცვის მხარეს არ მოუთხოვია ჩემი იქ მიყვანა, მაშინ უდავოდ რატომ არ ცნო ? უდავოდ რომ ეცნო, იქ მიმიყვანდა ქეთი სონიძე ?! ხომ ვერ მიმიყვანდა ? გიგა ავალიანის მკვლელები რომ სამართლდებოდნენ, მაშინ რომ ცნეს უდავოდ, იქ ვერ მიმიყვანა ქეთი სონიძემ მიუხედავად ჩემი მოთხოვნისა, იმიტომ, რომ კანონი ვერ მიმიყვანდა. ახლა მოისმინოს ჩემგან სულაბერიძის ადვოკატმა, ეს არის გიორგი რიკაძის ყოფილი ადვოკატი, რომ თუკი არ უნდოდათ ეკა კუპატაძის მოსმენა, მაშინ რატომ არ ცნეს უდავოდ ეკა კუპატაძის ჩვენება?!“ - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მისი თქმით, სასამართლო დარბაზში მას დემეტრე კასრაძის მამა დაუპირისპირდა, რის გამოც, მანდატურების გამოძახება და დემეტრე კასრაძის მამის ადგილიდან გარიდება გახდა საჭირო.
„ადგა ვიღაც მაღალი, მსუქანი მამაკაცი და მომისამძიმრა. სამძიმარი, რა თქმა უნდა, მივიღე, მაგრამ, ვკითხე, თქვენ ვინ ხართთქო. მითხრა, სულაბერიძის მამა ვარ. მაშინ ვდისტანცირდეთ-მეთქი ვუთხარი. არ ვიცი თქვენ როგორც გადაწყვეტთო, მაგრამ მე ჩემი გითხარიო. იმ წუთში ვიფიქრე ისიც, რომ ნეტა დემეტრე კასრაძის მამა აქ არის-მეთქი? და ვთქვი, რომ იმედი მაქვს, დემეტრე კასრაძის მამაც იმავეს არ იტყვის-მეთქი [სამძიმარს]. მერე ვინ გეუბნებაო, წამოგვეჭიმა, გამოგვეჭიმა მე და ნიკას და გავხდი იძულებული, რომ დამეძახა მანდატურებისთვის. მანდატურებმა, რა თქმა უნდა, გაარიდეს იქიდან. დამიპირისპირდა, რას ჰქვია ეგ მითხარიო, ვინ გეუბნებოდაო [სამძიმარს]“ - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მისი თქმით, მათ საქმე აქვთ ძალიან სერიოზულ დამნაშავეთა ჯგუფთან.
„მე ისიც ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოკლა ადამიანი, სარჩული რაც არ უნდა იყოს, მიზეზი რაც არ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, მე ვიცი, ვინც მოკლა ჩემი შვილი, მაგრამ მე არ მიმიღია ზომები მათ მოსაკლავად და არ მიფიქრია მათ სიკვდილზე. მათ კი სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ყოველგვარი სარჩულის გარეშე მოკლეს. უკვე თავისთავად ფაქტი ცხადყოფს იმაზე, რომ ძალიან სერიოზულ დამნაშავეთა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ყველა დამნაშავე იყო არასრულწლოვანი გიგაზე ძალადობის დროს და ახლაც ბევრი არასრულწლოვანია და არასრულწლოვანის გონება არის მოწყვლადი. როგორ ზემოქმედებასაც მოახდენ მასზე, ისეთი ყალიბდება და ყველაზე მეტად ზემოქმედება შეუძლია ოჯახს. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ყველას ოჯახი, იმ პატივცემული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიდან დაწყებული, დემეტრე კასრაძის მამით დამთავრებული, არის ერთ ყალიბში მოჭრილი, განსხვავებული სიარულის მანერებით მხოლოდ. ვიღაცას ზედმეტი შარვალ-კოსტიუმი აქვს ნაყიდი, ჩამოკიდებული კარადაში, ვიღაცას ნაკლები, ყველა არის ერთ ყალიბში მოჭრილი“, - განაცხადა კუპატაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კიდევ მეტი ადამიანის დაკავება მოხდეს, კუპატაძემ აღნიშნა, რომ მას პირადად ეს არ უთქვამს, თუმცა არაფერია გამორიცხული.
„მე არ მითქვამს, რომ შესაძლებელია, რომ ახალი ადამიანები დააკაონ. მე ვთქვი, რომ გამოძიება გრძელდება მრავალი მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აქ შევჩერდები, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული. საქმე გრძელდება და ვინ რა ფიგურანტი აღმოჩნდება ამ და კიდევ სხვა საქმეში, არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა ყველას აგებინებს პასუხს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენებას გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აძლევს.
როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული, დემეტრე კასრაძე ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარია. პროკურორის თქმით, ავალიანზე მომხდარი ძალადობის კადრები მას გაბაშვილმა ავალიანის გარდაცვალებამდე გადაუგზავნა.