აკაკი ბობოხიძე - ბრიუსელის მიმართ შალვა პაპუაშვილის განცხადება რუსული პროპაგანდის ქართული ვერსიაა

ამას ვუყურებ, როგორც ჭაობის ბინადრების ურთიერთბრძოლას. დღეს, პრორუსული ძალის სიბინძურე ერთმანეთს დაეტაკა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებას.

როგორც აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა, მიმდინარეობს ბინძური ბრძოლა.

„ამას ვუყურებ, როგორც ჭაობის ბინადრების ურთიერთბრძოლას, ბინძური პროპაგანდისტების ბრძოლას და ამაში ორივ მხრიდან ჩართულია ბინძური პროპაგანდისტული საშუალება. „ქართული ოცნების“პროპაგანდას, რომ ყველა „ნაცია“, ვინც მათ წინააღმდეგ წავა და ამის შემოქმედი-მონაწილე, მათ შორის იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა, უპირისპირდება ჭაობის და ბინძური პროპაგანდის მეორე საშუალება, რომელსაც სოროსის წარმომადგენელს უწოდებს ირაკლი კობახიძე. მიდის ბინძური პროპაგანდა, ბინძური ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს ესვრიან ტალახს. ორივე ბინძურია, ორივე ჭორების გავრცელებით ებრძვის ერთმანეთს. ერთი მეორეს და მეორე პირველს აბრალებს „ნაცობას“. ორივე არის ქსენოფობიაზე და მეზობლების სიძულვილზე დაფუძნებული. ოკუპანტზე დაფუძნებული არა, მეზობლების სიძულვილზეა დაფუძნებული. მტყუანი და მართალი გასარკვევია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გადაცემაში ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პარიზში მიწვევაზე, სადაც ის კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ეს არის ევროპის მცდელობა, საქართველო რაიმენაირად დააბრუნოს იმ პოლიტიკურ გზაზე, რომელსაც საქართველოს დასავლური ორიენტაცია ჰქვია.

„სამწუხაროდ, მგონია, რომ კვლავ ამაო მცდელობას ექნება ადგილი, თუმცა მიმაჩნია, რომ კარგია ეს შეხვედრები იმიტომ, რომ ყველა შეხვედრაზე დასმული იქნება საკითხები, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

საქართველოს ხელისუფლება უყვარს გამოყენება ტერმინების - „გადატვირთვა“, „სუფთა ფურცლიდან დაწყება“. არ ვიცი, ამათი დაყვანა მოხერხდება თუ არა იმ დონემდე, რომ მიხვდნენ, რომ ვერანაირი სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყება ურთიერთობა და პირველ სუფთა ფურცელზე რაც დაიწერება, ეს იქნება სამართლიანი და ეს იქნება „დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“. ვერანაირი გადატვირთვა სხვანაირად ვერ მოხდება. მე მივესალმები ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლება რამენაირად დააბრუნონ ნორმალურ პოლიტიკურ ველზე, თუმცა ეს გამორიცხული მგონია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ხელისუფლება არ არის თავისი არსით მხოლოდ ავტორიტარული, ეს ხელისუფლება არის პრორუსული და ანტიდასავლური“, - განაცხადა ბობოხიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბობოხიძემ ისაუბრა, ეხებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „დროა, ბრიუსელმა უარი თქვას დამარცხებული რევოლუციური სცენარის მომსახურებაზე“, რითაც პაპუაშვილი გამოეხმაურა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, მიშელ სერვონე დ’ურსოს განცხადებას, რომ „ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით“. ბობოხიძის შეფასებით, ევროპელი ლიდერის აღნიშნულ განცხადების შინაარსში ახალია არაფერია, ისევე როგორც თავად პაპუაშვილის პასუხში, რომელიც რუსული პროპაგანდის ვერსიაა.

„ეს არის რუსული პროპაგანდის ქართული ვერსია, რადგანაც რუსები სადაც კი იწყებენ ომს, საკუთარ თავს უწოდებენ განმათავისუფლებელს. დღესაც, თურმე უკრაინას ათავისუფლებენ, ოღონდ, ვისგან კაცმა არ იცის. დღესაც, თურმე, ქართულ-ევროპული ურთიერთობები ჩიხში შეუყვანა ევროკავშირმა და არა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც იღებს დრაკონულ კანონებს. განცხადება თარიღის მიხედვით ახალია, მაგრამ შინაარსით ძველია ისე, როგორც პაპუაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა, ოღონდ, უბედურება ის არის, რომ ევროკავშირს რჩება გარკვეული ნაბიჯი გადასადგმელი და თუ საქართველოს ხელისუფლება დროზე არ მოეგება გონს, ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ. მერე, ამ ნაბიჯზე პასუხისგება მოუწევს ქართველ ხალხს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა